აქციაზე დაკავებულების საქმეებს თბილისში რამდენიმე დღის წინ, მივლინებით გადმოსული მოსამართლე განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ახალი მოსამართლე – 35 წლის დავით მაკარაძე შეუერთდა. სწორედ მაკარაძე განიხილავს ბოლო ორ დღეში, პროევროპულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა საქმეების დიდ ნაწილს.
დღეს, 21 ნოემბერს, მან უნდა განიხილოს ნინო გუდაშვილის, ქეთევან ხუსკივაძის, ნინო ბარძიმაშვილის, ვასო ბერიძის, გია ჯვარშეიშვილის, ელენე ბერიკაშვილის, გიორგი ჟამერაშვილის და რეზი დუმბაძის საქმეები. მაკარაძემ 5-დღიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა ხალიბეგ მაგამედოვს.
დავით მაკარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე დღის წინ, მივლინებით გადმოიყვანეს. იქამდე, 4 წლის განმავლობაში იყო გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. მოსამართლეობამდე მაკარაძე საადვოკატო საქმიანობით იყო დაკავებული. უფრო ადრე, 2012-2017 წლებში ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი იყო. გამომძიებლად მუშაობა მან 22 წლის ასაკში დაიწყო.
რაც შეეხება განათლებას, მაკარაძეს იურისტის კვალიფიკაცია მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შემდეგ, დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, მას გავლილი აქვს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ეფექტური კომუნიკაციისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტაჟიორთა მოსამზადებელი კურსები.