საქართველოს ბიზნესასოციაციისა და Danish Industry-ის თანამშრომლობის ფარგლებში, ორგანიზაციული ეფექტიანობის მიმართულებით ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე კიდევ ერთი ტრენინგი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებს ეფუძნებოდა და თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისაგან შედგებოდა. ტრენინგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა პროდუქტიულობის გაგებისა და მართვის სტრატეგიული მნიშვნელობის გააზრება, ჩართულობის მექანიზმების წარმოჩენა და მათი გავლენა ორგანიზაციულ ეფექტიანობაზე, ისევე როგორც მტკიცებულებაზე (მონაცემებზე) დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების გაძლიერება.
„საქართველოს ბიზნესასოციაცია აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას დანიელ პარტნიორებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის კიდევ ერთი ტრენინგი ჩატარდა ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებზე, რომელიც კომპანიებში ორგანიზაციული ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას ემსახურება, რაც ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა სასარგებლო იქნება როგორც ჩვენი წევრი კომპანიებისთვის, ასევე ზოგადად ბიზნეს სექტორისთვის“ – განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
Danish Industry-სთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შრომის ბაზრის განვითარებისათვის წლის ბოლომდე კიდევ არაერთი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.




