ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ელენე გოგუაძემ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოთქვა შესავალი სიტყვა, ასევე დაიკითხა საქმის მთავარი გამომძიებელი და ინფორმაციული პატაკის ავტორი პოლიციელი. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.
ბრალდების მხარე ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დარჩენას შუამდგომლობდა, ვინაიდან პროკურორ ნინო ჟვანიას განმარტებით, ახალი გარემოება, რაც შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას შეცვლიდა, გამოვლენილი არ არის.
ჟვანიას თქმით, ბრალდებულებისთვის მცირე საფუძველი გახდა საკმარისი იმისთვის, რომ დაზარალებულ ბექა გოცირიძის მიმართ ჯგუფური ძალადობა განეხორციელებინათ. ამასთან, პროკურორი აღნიშნავდა, რომ გოცირიძეს 10-მდე პირი გაუსწორდა. ბრალდების მხარის განმარტებით, სხვა დაუდგენელი პირების დადგენის მიზნით საქმე ცალკე გამოყოფილია.
დაკავებულების ადვოკატი, ომარ ფურცელაძე შუამდგომლობას არ დაეთანხმა. მისი განმარტებით, ბრალდებულების მიმართ განგრძობადი პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. ადვოკატი დაკავებულების მიმართ 5000-5000-ლარიანი გირაოსა და სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას შუამდგომლობდა.
ცნობისთვის, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მათ ბექა გოცირიძის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავებიან.




