ბრიუსელი შეჩვეულია მითითებას და შეუჩვეველია კრიტიკას, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად აცდენილი არის ის მთავარ ევროპულ ღირებულებებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს არის დირექტივებით სავსე საუბარი, ეს არის მხოლოდ მითითებები და ნული რეფლექსია, ნული კრიტიკის მოსმენის სურვილი და ნული შესაძლებლობა სხვისთვის, რომ განმარტებების შესაძლებლობა მისცე.
„გარდა ამისა რა კომენტარებსაც ვისმენდით ეს დღეები, მეორე ტენდენციაც გამოჩნდა. ეს არის თავხედობა, რომ სხვა ხალხების სახელით საუბრობენ. ამაზე ენა შეგვაჩვიეს, უკვე რაღაც პერიოდი არის, რომ სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა მინისტრები რატომღაც შეეჩვივნენ ქართველი ხალხის სახელით საუბარს. დღეს ვნახეთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება. საფრანგეთში 17 პროცენტიანი მხარდაჭერის მქონე მთავრობა, საქართველოს 54 პროცენტიანი მხარდაჭერის მქონე მთავრობას ქართველი ხალხის სახელით გვესაუბრება, და გვეუბნებიან თუ რა სურთ ქართველებს. რა იცის, ან საერთოდ ნამყოფი თუ არის საქართველოში? სიმართლე გითხრათ ეს მართლაც თავხედობაა, რომ სხვა ერების სახელით ისაუბრო,”- განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს არის ტიპური, საბჭოური მოვლენა, როდესაც საბჭოთა მოსკოვი სხვა ხალხების სახელით საუბრობდა და ეგონათ, რომ მათ იცოდნენ რა უნდოდათ ხალხებს და არა იმ ხალხმა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაქვემდებარებაში იყვნენ.
„პირდაპირ ვხედავთ ბრიუსელის სოვეტიზაციას, რაშიც თავისი წვლილი შეაქვთ აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლებს. ვხედავთ საგარეო პოლიტიკა ჩაბარებული აქვს საბჭოთა ესტონეთში, საბჭოთა ნომენკლატურის ოჯახში დაბადებულ და გაზრდილ კაია კალასს და ევროპის საკითხები ჩაბარებული აქვს კომუნისტურ იუგოსლავიის წარმატებულ სპორტსმენ ქალბატონ კოსს, რომელზეც ბრალდებები არსებობს, რომ ის იუგოსლავიის საიდუმლო სამსახურთან თანამშრომლობდა და მან ამ ბრალდებების დამაჯერებელი უარყოფა ვერ წარადგინა. ბრიუსელის სოვეტიზაციის პროცესი სამწუხაროდ ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ბრიუსელი მთავარ ევროპულ ღირებულებებს აცდენილია,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ .
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, დღევანდელი ბრიუსელის ხელში ძნელია წარმოიდგინო რაიმე კეთილგანწყობა ქართველი ხალხის მიმართ, მარტივი მიზეზის გამო, რომ “დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა ისეთი საქართველო, როგორიც ვართ”.
„ჩვენ ვიცით, მათ როგორი საქართველო სჭირდებათ. უნდათ ცალ ფეხზე მდგომი ქვეყანა. იმ ადამიანს ტყუილად კი არ იხუტებენ, ვინც ეს სიტყვები თქვა და იმიტომ კი არაა მათთვის მთავარი სახე და მთავარი შესაგები, რომელმაც თქვა, რომ ღირსება უნდა აიყაროს ერმა, რომ რომელიღაცა კავშირის, ორგანიზაციის წევრი გახდეს. მოგვთხოვენ უმიზეზოდ, უბრალოდ იმისთვის, რომ გაერთონ, მოდი იქნებ ცალ ფეხზე დადგეთ და გიყუროთ და თავი შევიქციოთ. შესაბამისადაც, დღევანდელი ბრიუსელის ხელში, რა თქმა უნდა, რთულია წარმოვიდგინოთ რაიმე პოზიტივი მათი მხრიდან. გამოსავალი არის ის, რაც ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვქონდა წლების განმავლობაში, როდესაც ვხედავდით აბსოლუტურად არაადეკვატურ ნაბიჯებს საქართველოსთან დამოკიდებულებაში, თუმცა ვნახეთ გამოღვიძება ამერიკის შეერთებული შტატებში და ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. ასეთივე გამოღვიძებას ჩვენ ვხედავთ ევროკავშირში და მის წევრ ქვეყნებში. ქვეყანა-ქვეყანაზე ირჩევს პატრიოტულ ძალებს და ზუსტად ეს არის გამოსავალი. ბრიუსელი უნდა შეიცვალოს, უნდა შეცვალოს ის პოლიტიკა და მიდგომები, რომელიც ბრიუსელშია. მათთვის ქართველი ხალხი და მათი არჩევანი არის არაფერი და ნული. მხოლოდ ცალ ფეხზე მდგომი ადამიანი რას იტყვის, ეს არის მათთვის კანონი და არა ის ხალხი, რომელიც არჩევანს აკეთებს ჩვენზე,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




