ჩვენ ვაშენებთ მოდულს, ახალ პროგრამაში, სადაც შესაძლებელი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალედ შემსყიდველსა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
მისი თქმით, ბაზრის კვლევის ეტაპზე ევროკავშირის არცერთ წევრ და კანდიდატ ქვეყანას არ აქვს და ეს პირველად საქართველოში დაინერგება.
„რაც შეეხება გამჭვირვალეობას, ელექტრონული შესყიდვების ნაწილში ეს ახლაც უზრუნველყოფილია, ჩვენ პრობლემა გვქონდა ბაზრის კვლევასთან მიმართებით. ჩვენ ვაშენებთ მოდულს, ამ ახალ პროგრამაში, სადაც შესაძლებელი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალედ შემსყიდველსა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია. თუკი რამეს დაზუსტება მოუნდება კონკრეტულ ბიზნესსუბიექტს, კონკრეტული შემსყიდველი ორგანიზაციიდან მიიღებს ავტომატურად პასუხს. ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას ექნება თავისი უნიკალური ანგარიში, მეილი. ეს არის ქართული ნოუჰაუ. ევროკავშირის არცერთ ქვეყანას არ აქვს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, ბევრგან არის შესყიდვების ელექტრონული მოდული, მაგრამ ბაზრის კვლევის ეტაპზე არცერთ წევრ და კანდიდატ ქვეყანას არ აქვს და ეს პირველად ჩვენთან დაინერგება“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.




