2026 წელს შაქრის მსოფლიო წარმოება რეკორდულად გაიზრდება – FAO

2026 წელს შაქრის მსოფლიო წარმოება რეკორდულად გაიზრდება – FAO
FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) წინასწარი პროგნოზით, 2025-2026 წლების სეზონზე შაქრის მსოფლიო წარმოება, რეკორდულ დონეს, 185.3 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც 9.7 მილიონი ტონით, ანუ 5.5%-ით მეტია 2024-2025 წელთან შედარებით.
ორგანიზაციის პროგნოზით, წარმოების ზრდას გამოიწვევს დიდი მოსავალი რამდენიმე ძირითად მწარმოებელ ქვეყანაში. ბრაზილიაში, მსოფლიოში შაქრის უდიდეს მწარმოებელსა და ექსპორტიორ ქვეყანაში, წარმოება, სავარაუდოდ, წლიურად დაახლოებით 4%-ით გაიზრდება.
FAO-ს პროგნოზით, 2025-2026 წლების სეზონზე შაქრის გლობალური მოხმარება 1.3%-ით გაიზრდება, რაც წინა წლის მაჩვენებელზე ოდნავ მაღალია, რასაც ძირითადად ხელს შეუწყობს შაქრის დაბალი ფასები, გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების შენელების მიუხედავად.
პროგნოზის თანახმად, მოხმარება უმეტესად მოიმატებს აფრიკაში მოსახლეობის ზრდისა და ურბანიზაციის გავლენით და ასევე, აზიაში, სადაც მაღალი იქნება მოთხოვნა სურსათისა და სასმელების ინდუსტრიის მხრიდან.