სამების საკათედრო ტაძრიდან მატრონა მოსკოველის ხატი გაიტანეს, რომელზეც სტალინია გამოსახული. ახლა, მის ადგილას მატრონა მოსკოველის სხვა ხატია განთავსებული.
„პალიტრავიდეოსთან“ საუბრისას ტაძარში განაცხადეს, რომ ხატი ტაძრიდან გვიან ღამით წაიღეს, თუმცა სად, უცნობია.
ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. აღნიშნული ხატი ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა. 9 იანვარს კი, ხატს ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა.
მოგვიანებით, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მიმართა წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებდა.
