BARTA-ს კონკურსში მონაწილე კომპანიების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია, რასაც კონკრეტული მიზეზები განაპირობებს. თანამედროვე ბაზარი კომპანიებს გამჭვირვალობისა და საჯაროობისკენ უფრო მეტად უბიძგებს, – ამის შესახებ ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
„ინვესტორებთან ურთიერთობისას მმართველობის გამჭვირვალობა დღეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ეს მნიშვნელოვანია როგორც სააქციო კაპიტალის მოზიდვის, ისე სხვადასხვა ფინანსურ რესურსებზე წვდომის ზრდისთვის,“ – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
მისი თქმით, გამჭვირვალე კომუნიკაცია ასევე აძლიერებს კომპანიების ურთიერთობებს პარტნიორებთან, ზრდის ბრენდისადმი ნდობასა და ლოიალურობას.
ლევან ვეფხვაძის განმარტებით, წლიური ანგარიშგებების მომზადება თავად კომპანიებისთვისაც მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან „დოკუმენტზე მუშაობისას გუნდს შეუძლია ისეთი დეტალების აღმოჩენა, რომლებიც მათ საქმიანობას მომავალში დაეხმარება“.
„კონკურსში მონაწილეობა კომპანიებისთვის შესაძლებლობაა და პირდაპირ დამაკავშირებელია გამჭვირვალობის ხარისხთან. აუცილებელი არ არის გამარჯვება – თავად მონაწილეობა და ანგარიშის წარდგენა უკვე მიუთითებს მათ სურვილზე, იყვნენ უფრო ღიად. ჟიურისა და საზოგადოებისგან მიღებული უკუკავშირი კი მათ მომავალ საქმიანობაზეც შეიძლება აისახოს,“ – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
BARTA 2025 წელსაც ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისა და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებისთვის. განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებულები 2026 წლის თებერვალში, 10 ნომინაციაში, საზეიმო დაჯილდოებაზე გამოცხადდებიან.




