რუსეთში “ტერორისტების და ექსტრემისტების” სიას დაუმატეს ხოდორკოვსკი და გუდკოვი

რუსეთში უწყება “როსფინმონიტორინგმა” ე.წ. ტერორისტების და ექსტრემისტების სიას დაუმატა “იუკოსის” ყოფილი ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი, სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი დმიტრი გუდკოვი და ისტორიკოსი იური პივოვაროვი.
რეესტრში მათი სახელების გასწვრივ დასმულია ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ მათ წინააღმდეგ ტერორიზმის მუხლითაა საქმე აღძრული.
ოქტომბერში “ეფესბე” იუწყებოდა სისხლის სამართლის ახალი საქმის აღძვრაზე ხოდორკოვსკისა და “არასასურველ” ორგანიზაციად მიჩნეული “რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტის” კიდევ სხვა წევრების მიმართ. მათ შორის არიან დმიტრი გუდკოვი და იური პივოვაროვი. საქმე აღძრულია ძალაუფლების ძალადობით მოპოვებისა და ტერორისტული თემის ორგანიზების მუხლებით.
მიხაილ ხოდორკოვსკის წინააღმდეგ ასევე აღძრულია საქმე ტერორისტული მოქმედებებისკენ საჯარო მოწოდებების მუხლით.
“რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტი” არის ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის საზოგადო მოღვაწეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დააარსეს 2022 წლის 27 თებერვალს – უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ჯგუფის მანიფესტის თანახმად, მისი მიზნები მოიცავს ომის გაჩერებას და წინააღმდეგობის გაწევას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმისთვის, რომელსაც ორგანიზაცია დიქტატორულად მიიჩნევს. ომის დაწყების შემდეგ მოძრაობის ბევრმა წევრმა დატოვა.
2024 წლის იანვარში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ამ გაერთიანებას მიანიჭა ე.წ. არასასურველი ორგანიზაციის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთში მისი მოქმედება იკრძალება, ხოლო მასთან თანამშრომლობისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჟრიამულის საფუძველი არავის აქვს! – მივმართავ „ოცნების“ ამომრჩეველს: ერთადერთი, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ არაადეკვატურობის გაჩერება, თქვენ ხართ!

ვოლოდიმირ ზელენსკი: გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პირველი შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონების გამოყენება დაიწყო, მათ თავად ირანელი ოპერატორები უშვებდნენ. ისინი იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ადგილზე გაეწვრთნათ რუსი სამხედროები