სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული პრობლემების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციის შესრულების მიზნით აგრძელებს მონიტორინგს თავისუფლების აღკვეთისა და სხვაგვარად შეზღუდვის ადგილებში, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამი.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დიდ პენიტენციურ დაწესებულებებში, მათ შორის, N8 დაწესებულებაში არსებული გადატვირთულობა ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება.
„გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ პენიტენციურ დაწესებულებებში, მათ შორის, N8 დაწესებულებაში არსებული პრობლემების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი N8 დაწესებულებაში რეგულარულად აწარმოებს მონიტორინგს. გარდა პრევენციის ეროვნული მექანიზმის ვიზიტებისა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლები პენიტენციურ დაწესებულებებში (მათ შორის, N8 დაწესებულებაშიც) ყოველკვირეულ ვიზიტებს ახორციელებენ.
პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა დეტალურად არის განხილული პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2024 წლის ანგარიშში.
ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება დიდ პენიტენციურ დაწესებულებებში და ზოგიერთ დაწესებულებაში, მათ შორის, ყველაზე დიდ N8 დაწესებულებაში არსებული გადატვირთულობა. ხარისხიანი კვების უზრუნველყოფის კუთხით გაცემულია არაერთი რეკომენდაცია, როგორც მენიუს გადახედვის, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საკვების ხარისხის რეგულარულად, დაწესებულების ადმინისტრაციისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, შემოწმების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმი, შეტყობინების გარეშე, ახორციელებს მონიტორინგის თავისუფლების აღკვეთისა და სხვაგვარად შეზღუდვის ადგილებში, შეიმუშავებს ანგარიშებს და რეკომენდაციებს, რომელთა მიზანია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯისგან დაცვის გარანტიების შექმნა.
2025 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით, პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა თავისუფლების აღკვეთისა და სხვაგვარად შეზღუდვის ადგილებში 114 მონიტორინგის ვიზიტი განახორციელა. სულ შეისწავლა 93 დაწესებულებაში, მათ შორის, პოლიციის დაწესებულებებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში, პენიტენციურ დაწესებულებებში, სასამართლოს მოსაცდელ საკნებში, ფსიქიატრიულ სტაციონარებში, ხანდაზმულთა ინსტიტუციებში, მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრსა და სამხედრო ნაწილებში არსებული მდგომარეობა.
საქართველოს სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციის შესრულების მიზნით აგრძელებს მონიტორინგს თავისუფლების აღკვეთისა და სხვაგვარად შეზღუდვის ადგილებში. სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემული იქნება საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის საპარლამენტო და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშში.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://tinyurl.com/4kenb769“, – ნათქვამია განცხადებაში.