გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში – საქართველოს მთავრობას უფლებადამცველების წინააღმდეგ ადმინისტრაციული ბრალდებების შესახებ მივწერე, სამწუხაროდ, პასუხი არ გაუციათ

საქართველოს მთავრობას უფლებადამცველების წინააღმდეგ ადმინისტრაციული ბრალდებების შესახებ მივწერე, სამწუხაროდ, მთავრობას პასუხი არ გაუცია, – ამის შესახებ გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი სოციალურ ქსელში წერს.
„ახლა საჯაროა: საქართველოს მთავრობას უფლებადამცველების, მათ შორის ბაია პატარაიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული ბრალდებების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ სამართლებრივი და ადმინისტრაციული შევიწროების შესახებ მივწერე. სამწუხაროდ, მთავრობას პასუხი არ გაუცია“, – წერს მერი ლოულორი X-ზე.
ამასთან, გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი სოციალურ ქსელში საქართველოს მთავრობისთვის 2025 წლის 24 ივლისს გაგზავნილ შეტყობინებას აზიარებს, რომელიც აქამდე კონფიდენციალური იყო.
„შეტყობინება 60 დღის განმავლობაში კონფიდენციალური იყო, ვიდრე საჯარო გახდებოდა, რათა მთავრობას პასუხისთვის დრო ჰქონოდა. სამწუხაროდ, მთავრობას ამ ვადაში პასუხი არ გაუცია. პასუხის მიღების შემთხვევაში ის გაერო-ს სპეციალური პროცედურების კომუნიკაციების ბაზაში განთავსდება“, – ამის შესახებ უფლებადამცველთა საკითხებში გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის ვებგვერდზე წერია.
უფლებადამცველთა საკითხებში გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოულერი, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის საკითხებში სპეციალური მომხსენებელი ირენე ხანი და მშვიდობიანი შეკრების უფლების საკითხებში სპეციალური მომხსენებელი ჯინა რომერო ერთობლივ წერილში შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით.
„2025 წლის 11 ივნისს, ოცი აქტივისტი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი სასამართლოში დაიბარეს, მომდევნო დღეს დაგეგმილი სხდომისთვის. აღნიშნულ პირებს, მათ შორის ქალბატონ ბაია პატარაიას ბრალად ედებოდათ „ქართული ოცნების“ წევრების შეურაცხყოფა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტებით. ქალბატონი პატარაიას ადვოკატს აცნობეს, რომ მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წაუყენეს. ეს ახალი დებულება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წლის 6 თებერვალს შევიდა. ჩვენ სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ მის გამოყენებასთან დაკავშირებით, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დასჯისთვის სოციალურ მედიაში მათ მიერ პოსტების გამოქვეყნების გამო“, – ნათქვამია წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა