ჯო ბაიდენი და სი ძინპინი შეთანხმდნენ სამხედროებს შორის კონტაქტების აღდგენაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური სი ძინპინი შეთანხმდნენ რამდენიმე საკითხზე, მათ შორის სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე. კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში, -ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს.
შეერთებული შტატების და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა 15 ნოემბერს გაიმართა სან-ფრანცისკოსთან მდებარე ფილოლის მამულში. სი ძინპინი აშშ-ში იმყოფება აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობის მიზნით.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენს და სი ძინპინს გულახდილი და კონსტრუქციული დისკუსია ჰქონდათ არაერთ ორმხრივ და გლობალურ საკითხზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს და ჩინეთს კონკურენტული ბრძოლა აქვთ და, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის დაიცავს თავის ინტერესებს და ფასეულობებს და მოკავშირეებს და პარტნიორებს. ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა დიალოგის აუცილებლობას და თქვა, რომ მსოფლიო აშშ-ისა და ჩინეთისგან მოელის კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვას, რათა ის არ გადაიზარდოს კონფლიქტში, კონფრონტაციაში ან ახალ ცივ ომში.
თავის მხრივ, სი ძინპინმა განაცხადა, რომ კონფლიქტს და კონფრონტაციას ორივე მხარისთვის დაუშვებელი შედეგები ექნება. ჩინეთის ლიდერის თანახმად, ჩინეთის და აშშ-ის მსგავსი დიდი ქვეყნები თავს ვერ მისცემენ ერთმანეთისთვის ზურგის შექცევის უფლებას. სი ძინპინის თქმით, დედამიწაზე საკმარისი ადგილია იმისთვის, რომ ორივე ქვეყანა წარმატებული იყოს.