ვადამდელი არჩევნების დანიშვნა „ქართული ოცნების“ მხრიდან ქვეყანაში არსებული კრიზისის აღიარება იქნება. ამით აღიარებ, რომ ქვეყანაში არანორმალური მდგომარეობა გაქვს, – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
ამის მიუხედავად, დარჩიაშვილი ამბობს, რომ „ლოგიკა „ოცნების“ ძლიერი მხარე არ არის, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა „ქართულ ოცნებას“ აწყობდეს, „მათ შორის იმ მხრივ, რომ ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობას უმიზნებენ და მეორე – არაა გამორიცხული დამოკიდებულებები შეცვალონ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ“. დარჩიაშვილი უშვებს, რომ „საქართველოს ხელისუფლება ასე შორს წავა“ და აცხადებს, რომ „ოცნების“ პოლიტიკით „ეს ლოგიკა ჩანს“.
„იყო „აგენტების“ კანონის შემოტანა, მერე გატანა და ასევე, მერე უცებ გამოცხადება, როგორც ცაზე მეხის, რომ საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას აღარ აპირებს. ახლა კიდევ, უცებ, უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის ხმის ჩამორთმევის ინიციატივა, არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა – ეს არ არის ნორმალური არა მარტო ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, არამედ უშუალოდ ამ ხელისუფლებისთვის, მათი ოჯახების ხვალინდელი დღისთვის და ყველასთვის, ყველა ზიანდება, მაგრამ მაინც ასე აკეთებენ. ამით ინარჩუნებენ რაღაც ინიციატივას და ძალაუფლებას არიან ჩაფრენილები. მე მგონია, რომ [ვადამდელი არჩევნები] ლოგიკურად არ უნდა უნდოდეთ იმიტომ, რომ როცა ნიშნავ ვადამდელ არჩევნებს ე.ი. აღიარებ, რომ ქვეყანაში კრიზისი გაქვს. არადა თავი ისე უჭირავთ, თითქოს არავის ანგარიშს არ უწევენ, ყველაფერი კარგად არის, ამბობენ, რომ რუსთაველზე 100 კაცი გამოდის, ეკონომიკა ყვავის, სხვა დანარჩენი პრობლემა არ არის და ამ დროს, უცებ ვადამდელი არჩევნები? ე.ი. მთელ შენ წინა ნარატივს უარყოფ და აღიარებ, რომ ქვეყანაში არანორმალური მდგომარეობა გაქვს. ამიტომ, მგონია, რომ ეს არ უნდა აწყობდეთ, მაგრამ ლოგიკა მათი ძლიერი მხარე არ არის,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება იმას, რატომ შეიძლება „ქართულ ოცნებას“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აწყობდეს, დარჩიაშვილის თქმით, სახელისუფლებო პარტია შესაძლოა „საკონსტიტუციო უმრავლესობას უმიზნებდეს“ და მეორე- „არაა გამორიცხული დამოკიდებულებები შეცვალონ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ“.
„საქართველოს ხელისუფლება რომ ასე შორს წავა, კი, ვუშვებ, ეს ლოგიკა ჩანს და ამაზე შეგვიძლია, რომ არგუმენტებით ვისაუბროთ, მყარი ვარაუდები გამოვთქვათ. შეიძლება ბოლოს ეს ვერ გაბედონ და ვერ ქნან, მაგრამ განზრახულობები რომ არსებობს, ცხადია, რადგანაც იგივე რუსეთს უნდა, რომ გათეთრდეს ის რეალობა, რომელიც მან შექმნა და მოხდეს კომბინაცია ამ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისა საქართველოს მხრიდან და ამავე დროს, რაღაც კონფედერაციის მაგვარის ფორმირებისა, რომლის სტრატეგიული მფარველი იქნება რუსეთი და შევა ევრაზიულ კავშირსა და რუსულ-ბელარუსულ კავშირს შორის. ასეთი ჩანაფიქრები ნამდვილად არსებობს, რუსეთს ეს ძალიან უნდა და რუსეთს რაც უნდა, მაინც და მაინც, არ ეწინააღმდეგება ხოლმე“, -განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, ოპოზიციამ კარგად უნდა გაანალიზოს შესაძლო სცენარები და განსაზღვროს, რისი შესაძლებლობა აქვს.
„ოპოზიციამ უნდა განსაზღვროს, რისი შესაძლებლობა აქვს და რა რესურსი გააჩნია. თუკი ბოიკოტით შესაძლებელია „ოცნების“ სრული ჩამოშლა, ხალხის მომხრობა და ამ არჩევნებისგან იმ სურათის შექმნა,რომ სინამდვილეში არ ჩატარდა არჩევნები და შესაბამისად, კიდევ უფრო გაუჭირდეს ივანიშვილს საერთაშორისო დონეზე პოზიციონირება და მათ შორის ავტორიტარულ ქვეყნების თავშიც კი, მაშინ, დიახ, ბოიკოტი ძალაა, მაგრამ თუ ამის შესაძლებლობებს, რესურსს ოპოზიცია, მაინც და მაინც, თავის თავში ვერ ამჩნევს, მაშინ იქნებ, ეს შეზღუდული რესურსი მიმართოს იქითკენ, რომ იგივე საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით შეაცვლევინოს საარჩევნო სისტემა, ადმინისტრაცია და ამაში დახარჯოს მთელი ენერგია და ამ პირობებით მიიღოს მონაწილეობა. [2024 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის] შედეგები, მე მგონი, სანახევროა და საბოლოო ჯამში, ოპოზიციის ერთიანობის არ არსებობამ შეასუსტა ეფექტი. ვერ ვიტყვით, რომ საყოველთაო აღიარება ჰპოვა თუნდაც ადგილობრივმა არჩევნებმა, მასში ეუთო/ოდირიც არ მონაწილეობდა როგორც დამკვირვებელი, მაგრამ ასევე ვერ ვიტყვით, რომ ძალიან გაუსაძლისი გახდა ამ ხელისუფლების მდგომარეობა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე საერთაშორისო ფრონტზე, ამ მარტო დასავლეთს არ ვგულისხმობ. ამიტომ ისევ ვიტყვი, ასაწონ-დასაწონია, რისი გაკეთებაა შესაძლებელია და რა მოიტანს უფრო დიდი შედეგს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
გარდა ამისა, მან ისაუბრა ბრიუსელის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა გაუქმდა. დავით დარჩიაშვილის შეფასებით, ამ ქმედებით ჩანს ის, რომ ბრიუსელი უფრო და უფრო კვეთს და ამკაცრებს თავის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, რაც საქართველოსთვის მძიმეა და უნდა შეაშფოთოს.
„ეს შეშფოთება როგორ იქნება გამოხატული, რა განცხადებას გააკეთებს ბოჭორიშვილი, როგორი იქნება ვინე კალაძის ან სხვისი რეაქცია, რომელსაც დიპლომატიურ დერეფნებში გამოცდილებას, მაინც და მაინც, ნუ მოვთხოვთ -, ჰო, ამას კიდევ უნდა დავაკვირდეთ, მაგრამ მთლიანობაში, დაძაბულობა მატულობს და ეს კარგს არაფერს უნდა უქადდეს საქართველოს. საბოლოო ჯამში, ეს მივა დღეს მმართველი ქართველი ელიტის ფინანსურ სანქციებამდე. მათი საბანკო ცხოვრების გართულებამდე მივა ეს ყველაფერი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.




