დავით მათიკაშვილი – საპარლამენტო სთვის უცხოეთში მცხოვრები 95 ათასი ამომრჩეველი დარეგისტრირდა, მათგან არჩევნებში 34 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩევლის 1.5%-ია – შიშზე საუბარი სპეკულაციაა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული ემიგრანტის მიერ საარჩევნო უფლების გააზრებულად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე განხორციელება – იმ პირობებში, როდესაც სხვა ქვეყანაში მყოფი ამომრჩევლები უცხო ქვეყნის იურისდიქციაში იმყოფებიან, მათი ნების თავისუფლად გამოვლენის უზრუნველყოფა ეფექტურად ვერ ხორციელდება! – ამ არგუმენტით ახსნა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ახალი “საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული ერთ-ერთი სიახლე, რომლის მიხედვით, ადგილობრივი ს მსგავსად, საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ საქართველოში გაიმართება და საარჩევნო უბნები უცხოეთის სახელმწიფოებში აღარ გაიხსნება.
მათიკაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა ისიც, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებისთვის უცხოეთში მცხოვრები 95 ათასი ამომრჩეველი დარეგისტრირდა, მათგან არჩევნებში 34 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩევლის 1.5%-ია. მათიკაშვილის თქმით, სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ეს ცვლილება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებისადმი შიშს უკავშირდება.
“საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბების ფონზე, საპარლამენტო არჩევნების როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს ის ძირითადი არჩევნებია, რომელიც ყველა სახელისუფლო რგოლს აყალიბებს – სწორედ ამ რესურსის გამოყენებით ხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, შემდეგ პარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს. მთელი აღმასრულებელი ხაზი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე მოდის. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ჩვენი ყველა თანამოქალაქის მიერ გააზრებული გადაწყვეტილების მიღება, რომელზეც არ იქნება არც პირდაპირი და არც ირიბი ზეწოლა, რაც ბუნებრივად ხდება, როცა ესა თუ ის ადამიანი უცხო ქვეყნის იურისდიქციაში იმყოფება. საკუთარ სამშობლოსთან, იქ არსებულ მდგენელთან აქტიური ურთიერთობა ქმნის გააზრებული და გათვიცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს უწყობს საზღვარგარეთ თავისუფალი ნების გამოვლენის ხელის შეშლის პრევენციას. ჩვენი სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს ვერ მოსთხოვს არჩევნების იმ პირობებში ჩატარებას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ პროექტი პირველი მოსმენით განიხილა.
ახალი საარჩევნო კანონმდებლობით არჩევნებთან დაკავშირებული მთელი რიგი საარჩევნო ნორმები და პროცედურები იცვლება.
“საარჩევნო კოდექსის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების დროს უცხოეთში ხმის მიცემა არ შეეძლებათ. მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.
პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები: – არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, , დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.