ნუგზარ წიკლაური – „ქართული ოცნების“ წესებით დანიშნული იქნება არალეგიტიმური, ამიტომ არაღიარება, ართანამშრომლობა რჩება პრინციპულ საკითხად – სამართლიანი პირობების გარეშე, არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებთ

[ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა] ეს არის პოლიტიკური შურისძიება იმ შედეგების გამო, რომელიც 2024 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საზღვარგარეთ. „ქართული ოცნება“ ებრძვის არამხოლოდ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, არამედ რეალურად, ეს არის საარჩევნო ხმის უფლებისა და მათთვის საქართველოს მოქალაქეობის წართმევა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, ადგილობრივი თვითმმართველობის მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეძლებენ.
როგორც წიკლაურმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ თუ არ იქნება ზეწოლა, ტერორი, მოსყიდვა, სამსახურებიდან გათავისუფლების მუქარა, მათი რეალური რეიტინგი დაახლოებით იმდენი იქნება, რამდენიც აიღეს საზღვარგარეთ 2024 წლის არჩევნებში – 13%.
„ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკური შურისძიება იმ შედეგების გამო, რომელიც 2024 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საზღვარგარეთ. ეს იყო 13%, რაც ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნება ზეწოლა, ტერორი, არ იქნება მოსყიდვა, სამსახურებიდან გათავისუფლების მუქარა და ა.შ. „ქართული ოცნების“ რეალური რეიტინგი არის დაახლოებით ასეთი. როცა ასეთი კოლიზიაა საზღვარგარეთ მიღებულ ხმებსა და აქ დაწერილ ხმებს შორის, ცხადია, რომ არავის სურს კონტრასტი იყოს თვალსაჩინო და ერთ-ერთი მიზეზი, ვფიქრობ, ესაა.
ცხადია, აბსურდია, რომ ასეულობით ათასმა ადამიანმა აიღოს ბილეთები, ჩამოვიდნენ აქ, რეალურად ეს არის საარჩევნო ხმის უფლების წართმევა, საქართველოს მოქალაქეობის წართმევა, იმ ადამიანებისთვის, ვინც 20 წლის, 15 წლის წინ, 10 წლის წინ, 5 წლის წინ გადაწყვიტა, რომ უნდა წავიდეს საქართველოდან. წავიდეს და დაშორდეს იმ ადგილს, სადაც დაიბადა, გაიზარდა იმისთვის, რომ გადაარჩინოს საკუთარი ოჯახები, ნათესავები, მეგობრები. ამ ადამიანებს, რომელთაც მილიარდობით ლარი აქვთ შემოტანილი საქართველოს ბიუჯეტში, ეუბნებიან, რომ არ გექნებათ საარჩევნო უფლება.
ამავე დროს, აქ არსებობს კიდევ უფრო ფართო კონტექსტი – ჩვენ ვხედავთ, როგორ ავიწროებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორ ავიწროებენ პოლიტიკურ პარტიებს, ლიდერებს იჭერენ, როგორი თავდასხმა არის სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებზე, ამიტომ როდესაც იქ 35 ათასი ხმაა, აქ 20 ათასი ხმაა, იქ 50 ათასი ხმაა, „ქართული ოცნება“ ასე ქმნის წინაპირობებს, რომ მისთვის არასასურველმა ადამიანებმა არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. პირდაპირ ეუბნებიან, რომ თქვენ შეიძლება ზეწოლას დაექვემდებაროთ, ამიტომ აქ უნდა ჩამოხვიდეთ – ე.ი. რომ ჩამოვა ვიღაც უცხოეთიდან, ჩვენი თანამემამულე, შეხედავს საქართველოში გამეფებულ ბედნიერ ცხოვრებას და მიიღებს გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ეს ხომ ფარსია.
ცხადია, რომ და ევროპის კავშირი არის ის ადგილი, სადაც ჩვენ ყველაზე მეტად შეგვიძლია როგორც ჩვენი ნებისმიერი უფლების დაცვა, ასევე, არის ის ნავსაყუდელი, სადაც საქართველოს მასთან ინტეგრაციით შეუძლია დაიცვას ეროვნული იდენტობა, თავისი დემოკრატიული უფლებები. ამის საპირწონედ გვთავაზობენ ირანს, არაბეთს, ჩინეთს და გვეუბნებიან, რომ „შავი თეთრია“, „ომი მშვიდობაა“. ყველაფერი არის გადატრიალებული. ორუელიანული სიტუაციაა საქართველოში, როცა შავი არის გასაღებული თეთრად, კომუნისტური პარტიის ინსტრუქტორი დემოკრატად წარმოჩენილი, ხოლო დემოკრატიული სამყარო არის ადამიანის უფლებათა დამრღვევი. ეს არის დრამატული და ტრაგიკული ვითარება, რომელიც საქართველოში ამ რეჟიმის პირობებშია“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ამასთან, კითხვაზე „ქართული ოცნება“ ემზადება ვადამდელი თუ 2028 წლის საპარლამენტო სთვის, წიკლაურის თქმით, „ქართული ოცნების“ წესებით დანიშნული ნებისმიერი არჩევნები იქნება არალეგიტიმური“.
„ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, რომლის გადაჭრა „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო იმიტომ, რომ ქვეყანაში არის გაყალბებული არჩევნები და ადამიანები არ ეგუებიან. მე არ ვიცი, ჩანიშნავს თუ არა რომელიმე არჩევნებს, მაგრამ ვიცი ერთი რამ, რომ „ქართული ოცნების“ წესებით დანიშნული ნებისმიერი არჩევნები იქნება არალეგიტიმური. მას არ ექნება არანაირი ლეგიტიმაცია. ისინი ახლა ცდილობენ, რომ ახალი არჩევნებით ვინმეს უთხრან, რომ აი, ჩვენ ჩავატარეთ ახალი არჩევნები და ეს არის შედეგები. ეს მოხდება იმ პირობებში, როცა პოლიტიკური ლიდერები არიან ციხეში, როცა ადამიანის უფლებები შელახულია, როცა არ მისცემ შესაძლებლობას ასობით ათას ადამიანს არჩევნებში მონაწილეობის მხოლოდ იმიტომ, რომ წინასწარ იცი მისი განწყობები. რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს არ ექნება არანაირი შედეგი. ამიტომ არ აღიარების პოლიტიკა, არ თანამშრომლობა რჩება ჩვენი პოლიტიკური კოალიციისთვის ერთ-ერთ პრინციპულ საკითხად. ცხადია, რომ არავითარი აზრი ასეთ არჩევნებში მონაწილეობას არ აქვს. 2024 წლის მერე რამე გაუმჯობესდა ამ კუთხით? – პირიქით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზეა საუბარი და საკონსტიტუციო სარჩელია შეტანილი. ჩვენი კოალიციის ოთხივე ლიდერი არის ციხეში.
გამარჯვების მიღწევა უნდა მოხდეს არჩევნებამდე იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მივაღწიოთ სამართლიან საარჩევნო პირობებს. თუ არ იქნება სამართლიანი საარჩევნო პირობები, სხვა შემთხვევაში ეს არის ამ უკანონო რეჟიმის ლეგიტიმაცია. ამაში მონაწილეობის მიღებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ჩვენ, ერთი თვის წინ ვნახეთ ძალიან სამწუხარო მაგალითი, როგორ მიიღო ორმა პოლიტიკურმა პარტიამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და ხალხმა გასცა მათ პასუხი – 75% დაკარგა გახარიას პარტიამ და ხმების 50% დაკარგა „ლელომ“. ამ სიტუაციაში პოლიტიკურად მოგებული დარჩება ის მხარე, რომელიც არ უღალატებს იმ ფუძემდებლურ პრინციპებს, რომელიც გამოცხადდა 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ. ეს არის თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. სხვა ყველანაირ ღონისძიებაში მონაწილეობა, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაგვიგეგმავს და რომელსაც დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ ექნება, გამოიწვევს ზუსტად ისეთ კრიზისს, როგორიც არის დღეს საქართველოში. ჩვენ თუ არ მივაღწიეთ სამართლიან საარჩევნო წესებს, არ იქნება არც სტაბილურობა, არც მშვიდობა და არც პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა“, – განაცხადა წიკლაურმა.