საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ სამტრედიის წყალარინებისა და სანიაღვრე ინფრასტრუქტურის მასშტაბურ მშენებლობას იწყებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი შონიამ და კონტრაქტორი კომპანია – „JV of YDA Insaat San. Ve Tic. A.S. & MITAS Prj. Ins. Teks. ve San. Ver Tic. A.S“ის წარმომადგენელმა ოზჯან ჩაქმაქმა მოაწერეს.
პროექტი ითვალისწინებს ქალაქის მთავარი კოლექტორის დაახლოებით 5 კმ-იანი მონაკვეთის აშენებას, 4 მთავარი სატუმბი სადგურისა და 12-მდე მიკრო ამწევი სადგურის მოწყობას, რაც უზრუნველყოფს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას რთული რელიეფის პირობებშიც.
ასევე, დაგეგმილია დაახლოებით 140 კმ გრავიტაციული საკანალიზაციო ქსელისა და დამატებით 3 კმ წნევითი მილსადენის მოწყობა.
სანიაღვრე ინფრასტრუქტურის გაძლიერების მიზნით, აშენდება დაახლოებით 5.6 კმ გოფრირებული მილები, რეაბილიტირდება და ახლით ჩანაცვლდება 21 კმ-მდე ბეტონის სანიაღვრე არხი, ხოლო არსებული არხების დაახლოებით 3 კმ მონაკვეთი გაიწმინდება და განახლდება.
სამუშაოების ფარგლებში, ასევე მოეწყობა ახალი ბეტონის ჭები და თვითდენითი ჩამშვები ნაგებობები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყალგამტარი სისტემების გამძლეობასა და ეფექტიანობას.
ქალაქ სამტრედიაში წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2027 წელს იგეგმება, რის შემდეგაც გაგრძელდება ერთწლიანი დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი.
პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 51 მილიონ ევროზე მეტია.
ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს



