2015 წელს შექმნილი ინსტიტუტი, რომელიც კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის მედიატორის როლს ასრულებდა, 2026 წლის 1 იანვრიდან ოფიციალურად წყვეტს არსებობას. 2026 წლის 1 იანვრიდან უქმდება ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილეების თანამდებობები, ბიზნესომბუდსმენის აპარატი ლიკვიდირდება. თანამშრომლებს, მათ შორის ომბუდსმენსა და მის მოადგილეებს, ენიჭებათ 3-თვიანი ფინანსური კომპენსაცია.
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძე ამბობს BMG-სთან, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატთან ბოლო წლების განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია აღარ იყო. მისი თქმით, ბიზნესთან კომუნიკაციის ეფექტიანობისთვის აუცილებელი იყო, რომ სტრუქტურას ემუშავა როგორც დამოუკიდებელ ერთეულს, რადგან ასეთი უწყების მიმართ ბიზნესს უფრო მაღალი ნდობა აქვს. ამასთან, რიჟამაძე თვლის, რომ თავად ბიზნესომბუდსმენსაც კერძო სექტორი უნდა ირჩევდეს და ამ პროცესში მთავრობა ჩართული არ იყოს.
“ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი, როგორც ასეთი, ალბათ უკეთესია იყოს როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურა და არ იყოს რომელიმე სახელმწიფო უწყების დაქვემდებარების ქვეშ, გამომდინარე იქიდან, რომ მისი არსი სწორედ არის ის, სახელმწიფო ინსტიტუტებთან კომუნიკაციაში ეხმარებოდეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. რაც შეეხება უშუალოდ ამჟამინდელ მოცემულობას, ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად აღარ არის ჩართული ბიზნესთან ურთიერთობის ნაწილში. ჩვენი წევრი კომპანიები მათ შორის და არც ასოციაციები ისე აქტიურად ბოლო წლების განმავლობაში აღარ თანამშრომლობენ ბიზნესომბუდსმენთან და საერთოდ ვფიქრობთ, რომ რეალურად ბიზნესომბუდსმენი უნდა იყოს არჩეული ბიზნესიდან და არ უნდა იყოს დანიშნული ამ თუ იმ სამინისტროს მიერ. ამ სახით ამ ინსტიტუტის არსებობა ბევრად უფრო დადებითად წაადგება ბიზნეს სექტორს,”- ამბობს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძე.
ცნობისთვის, პარლამენტში წარდგენილი ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიხედვით, 2026 წლის 1 იანვრიდან მოქმედი ბიზნესომბუდსმენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე გადაინაცვლებს, საიდანაც განახორციელებს დარჩენილ უფლებამოსილებებს.
წყარო: bm.ge




