მოკლედ
· საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა.
· მიზეზი, სავარაუდოდ, ქართულ დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა გახდა – რამდენიმე მედიას, მათ შორის რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია ბრიუსელში წყაროებმა დაუდასტურეს.
· დელეგაციაში სანქცირებული პირი, სავარაუდოდ, იყო შს მინისტრის მოადგილე;
· საქართველოს საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ შეხვედრა იმის გამო ჩაიშალა, რომ “ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები.”
“იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე ევროკავშირის მხარემ ყველა დონეზე შეაჩერა საქართველოსთან დიალოგი, ქართული მხარე აღნიშნულ შეხვედრას განიხილავდა, როგორც ევროკავშირთან ჩართულობის შესაძლებლობას, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელზეც ჩვენს საზოგადოებას ხშირად ესმის ბრიუსელის კრიტიკა.
სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მონდომების მიუხედავად, ევროკავშირის მხარემ გადადო ზემოხსენებული შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით. აღნიშნული საკითხის მორიგი სპეკულაციებისთვის გამოყენება, საფუძვლიან ეჭვს აჩენს და ქმნის აღქმას, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი და ბრიუსელი არ არის მზად მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები, მათ შორის იმ საკითხებზე, რაც გამოყენებულ იქნა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებისთვის”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს 19 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში. უწყება განმარტავს, რომ ქართული მხარის დელეგაციის შემადგენლობაში რამდენიმე უწყების წარმომადგენლები შედიოდნენ.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც სანქცირებულია და რომლის დელეგაციაში ყოფნის გამოც გადაიდო შეხვედრა, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა.
“ქართველები დაჟინებით მოითხოვდნენ იმ ადამიანების ჩამოყვანას, რომლებსაც ჩვენ (ცალკეული წევრი სახელმწიფოები) სანქციები აქვთ დაწესებული. ეს მიუღებელია.“ – უთხრეს რადიო თავისუფლებას ევროპელმა დიპლომატებმა. ბრიუსელის განმარტების მიხედვით, შეხვედრა გადაიდო “ქართული მხარის მიერ წამოყენებული დაბრკოლებების გამო.“
შინაგან საქმეთა მინისტრს ხუთი მოადგილე ჰყავს: შალვა თადუმაძე, ალექსანდრე დარახველიძე, მარიამ ტაბატაძე, როლანდ მესხი და გიორგი სახოკია. მათგან ორს, შალვა თადუმაძეს და ალექსანდრე დარახველიძეს აქვთ სხვადასხვა ქვეყნის სანქციები დაწესებული.
შს მინისტრის კიდევ ერთი სანქცირებული მოადგილე, გიორგი ბუთხუზი 11 ნოემბერს გათავისუფლდა ამ პოსტიდან და ის გიორგი სახოკიამ შეცვალა ამ პოზიციაზე. სანქცირებულია ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ – მას სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები აქვს დაწესებული.
ევროკავშირს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის ერთობლივი სანქციები ამ დრომდე არ დაუწესებია – ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მიმართებით ცალკეული ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს.




