იუსტიციის სახლსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის ახალი შეთანხმება გაფორმდა

იუსტიციის სახლისა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის ახალი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას გულისხმობს.
შეთანხმების წერილს ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ლაშა ლობჯანიძემ და UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში, დაგლას უებმა.
ამ შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობა განხორციელდება ევროკავშირის ხელშეწყობით, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში.
პროექტი ითვალისწინებს იუსტიციის სახლის 200-ზე მეტი თანამშრომლის გადამზადებას, რის შედეგად ისინი კომუნიკაციის გაუმჯობესებული უნარებით გაუწევენ მომსახურებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
ასევე, ბიზნესანალიტიკის სისტემების ინტეგრირებით, იუსტიციის სახლს შესაძლებლობა ექნება, უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და სხვა რეგიონებში გამოავლინოს არსებული საჭიროებები და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სერვისების მიწოდება. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის საინფორმაციო მასალის შექმნა და მიწოდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე მნიშვნელოვნად აამაღლებს ცნობიერებას, აღნიშნულ ჯგუფებში სახელმწიფო სერვისების შესახებ.
პროექტის სამიზნე რეგიონებს წარმოადგენს კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი და გურია.