ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო კომპანიის Global Blue – ს ვიცე-პრეზიდენტს ხალილ აჩკარს შეხვდა. აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში Tax Free Shopping – ისა და გადახდის ტექნოლოგიების სფეროში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმზე, სამოქალაქო ავიაციაზე, რითეილსა და სხვა მომიჯნავე სექტორებზე. აღინიშნა, რომ საქართველოში აქტიურად ინერგება სხვადასხვა ტურისტული პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყანაში მეტი მსყიდველუნარიანი ვიზიტორების მოზიდვას.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს ეკონომიკის სტაბილური განვითარებიდან, აგრეთვე ტურიზმისა და მისი მომიჯნავე დარგების დამატებული ღირებულების ზრდადი დინამიკიდან გამომდინარე, Global Blue საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს. ასევე ითქვა, რომ აღნიშნული გააძლიერებს საქართველოში ტურიზმის ეკონომიკურ ეფექტს, რადგან Tax Free სერვისების გლობალური სტანდარტები ტურისტების დანახარჯებს ზრდის. ასევე ხაზი გაესვა იმასაც, რომ Global Blue – ს საქართველოში ოპერირების დაწყება დადებითად იმოქმედებს რითეილის სექტორზეც – ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის ზრდას და ადგილობრივ ბაზარზე მეტი პრემიუმ ბრენდების შემოსვლას განაპირობებს, ასევე პოზიტიურად აისახება ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე.
შეხვედრას დაესწრო მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.




