ხულო-ზარზმის გზის დაუსრულებელი მშენებლობა | “ლელო” პროკურატურას მიმართავს

ხულოს-ზარზმის გზის მშენებლობის დაუსრულებელ პროექტთან დაკავშირებით, “ლელო” პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს იმ კომპანიების საქმიანობა, რომლებიც უკვე 8 წელია გზის მშენებლობაზე მუშაობენ. პარტიის წევრების ინფორმაციით, ამ დრომდე სამუშაოების 30%-იც კი არაა დასრულებული. თავდაპირველი ხელშეკრულებით კი გზა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო.
“წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ ყველა მსხვილი მშენებლობის უკან იდგა ხელისუფლება და საქმე გვქონდა მშენებელ კომპანიებსა და ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს შორის, ეს დადასტურდა ჩინურ კომპანია სინოჰიდროსთან შეწყვეტილი ხელშეკრულებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტით არ უნდა შემოვიფარგლოთ და ეს საქმე და პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლოს როგორც კომპანიის, ასევე სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში ჩართული პირების მიმართ. ” აცხადებენ “ლელოს” ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები.
მათივე თქმით, უცნობია ამ ხნის განმავლობაში გამოყოფილი 110 მილიონიდან, რამდენია გახარჯული. როგორც “ლელოში” ამბობენ, ხულოს-ზარზმის გზის სამუშაოების დაუსრულებლობამ დააზარალა კურორტ გოდერძის განვითარებაც.