რეალურად, ეს არის ქონებრივი ცენზის შემოღება არჩევნებში მონაწილეობაზე იმიტომ, რომ ჩასვლაც და ჩამოსვლაც საკმაოდ სერიოზულ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ანუ, შენ პირდაპირ უწესებ მას გადასახადს – მათ ბილეთები უნდა აიღონ და ჩამოვიდნენ, – ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსმა, ირაკლი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, საზღვარგარეთ ყოფნის პირობებში აღარ ექნებათ.
მელაშვილის თქმით, საარჩევნო კოდექსში დაანონსებული ცვლილებები ლოგიკას არ ექვემდებარება.
„არ ვიცი, იურისტები გაასაჩივრებენ თუ არა ამ საკითხს, მგონი ღირს საკონსტიტუციოში ამის გასაჩივრება და მერე უკვე საერთაშორისოში წასვლა, რადგან ის უფლება, რომ ნებისმიერ მოქალაქეს 18 წლის ზემოთ შეეძლო არჩევნებში მონაწილეობა, ეს შეუზღუდავად აღარ იქნება.
მე მაინტერესებს, საელჩოებს რას ვუშვრებით? ელჩებს? ისინიც იქ არიან.
სხვათა შორის, საარჩევნო კოდექსში ძალიან საინტერესო რაღაცებს იღებენ ახლა, მაგალითად, ვერ დაასახელებ კანდიდატს, თუ შენი პარტიის წევრი არ არის, თუ სამი პარტია ერთად იღებს მონაწილეობას, სამივე პარტიის წევრი უნდა იყოს? ვეძებთ ლოგიკას და ვერ ვპოულობთ.
რაც მთავარია, ისეთი სიგიჟე გააკეთეს, რომ პერსონალური მონაცემების მართვის ინსპექტორს უერთებენ აუდიტის სამსახურს. აუდიტის სამსახურის კანონში პირდაპირ წერია, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საფინანსო ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ფინანსების აუდიტს, მისი ძირითადი საქმიანობა არის ის, რომ შეინახოს და დაიცვას სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ქონება, რა პერსონალური მონაცემების დაცვა? ეს დაახლოებით იგივეა, ახლა რომ საგადასახადო კოდექსში ჩაწერო ოპერის რეპერტუარის შექმნის კანონმდებლობა“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.
ანალიტიკოსის თქმით, პოლიტიკური ალტერნატივის გარეშე გამოსავალი არ იქნება, რადგან დასავლეთი არ დაიწყებს სერიოზულ მოქმედებას, სანამ სანდო პოლიტიკური გაერთიანება არ გამოჩნდება.
„პოლიტიკური ალტერნატივის გარეშე გამოსავალი არ იქნება. ეს ილუზიები, რომ ქუჩაში ვიდგებით და გაიქცევიან, არავინ არსად არ გაიქცევა. სანამ არ გაჩნდება პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნება ხალხის მხარდაჭერა, ხელისუფლება არ შეიცვლება. დღეს არცერთი არაა, ყველა ცუდია. თუ არ შეიქმნება ძლიერი პოლიტიკური ალტერნატივა, ეს ხელისუფლება კიდევ უარესებს გააკეთებს.
დასავლეთი არ დაიწყებს სერიოზულ მოქმედებას, სანამ არ დაინახავს აქ ისეთ ძალას, რომელზედაც სანდო იქნება ძალაუფლების გადაცემა“, – აღნიშნა მელაშვილმა.




