“წერეთლის გამზირიდან მოვიტანეთ კორუფციული დანაშაულის ნივთიერი მტკიცებულება – ტალახი. ეს ტალახი არის სიმბოლო კახი კალაძის მმართველობის.” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ. ენმ-მ მერიასთან დღეს აქცია-პერფორმანსი გამართა:
“ამ ტალახის გავლა უწევთ წერეთლის გამზირზე მაცხოვრებლებს. თბილისი დგას საცობში. დაპირება იყო, რომ 2023 წელს პროექტი დასრულდებოდა, თუმცა 2024 წელი დაიწყო, 17 იანვარია და კომპანიები აღარ არსებობენ. ის კომპანიები, რომლებიც იქ მუშაობდნენ, იყვნენ “ქართული ოცნების”
შემომწირველები, ეს ფავორიტი კომპანიები წინასაარჩევნოდ ფულს სწირავენ რუსულ პარტიას. ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის პარტია ფინანსდება ჩვენი გადასახადებისგან. ეს არის კორუფცია, ეს ტალახი არის სახე და სიმბოლო კახი კალაძის მმართველობის და ამ მმართველობის სიმბოლოს, კორუფციულ ტალახს შევუტანთ კახი კალაძეს.” – თქვა ფარულავამ
შეგახსენებთ, კომპანიებს, რომლებსაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ევალებოდათ, თბილისის მერიამ კონტრაქტი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეუწყვიტა. კომპანიებს “მილენიუმ ბილდერსა” და “ერტედეს” სამუშაოები ამა წლის იანვრამდე უნდა დაესრულებინათ, რისთვისაც მათთვის ბიუჯეტიდან 31 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. ჩაშლილი რეაბილიტაციისა და სამუშაოების გახანგრძლივების გამო ეს ხელშეკრულებები შეწყდა. წერეთლის გამზირი 8 თვეა გადათხრილია და მერიამ ახლა დაადგინა, რომ ორი კომპანია უხარისხოდ აწარმოებდა სამუშაოებს.
უკვე ცნობილია 4 კომპანია, რომელიც სამუშაოებს გააგრძელებს.