ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის გამარჯვებულები დასახელდნენ. პრემიას წელს 9 ნომინაციაში 11 გამარჯვებული ჰყავს.
საბა 2025-ის ლაურეატები არიან:
· საუკეთესო რომანი — ირაკლი მეტრეველი, „ნებადართული ჯადოქრობა“ (სულაკაურის გამომცემლობა);
· საუკეთესო პოეტური კრებული — რეზო გეთიაშვილი, „მეოთხე პირის ნიშანი“ (კალმოსანი);
· საუკეთესო პროზაული კრებული — მამუკა დოლიძე, „გამოფენა“ (მერანი);
· საუკეთესო პიესა — ნოდარ მამაცაშვილი „ლოკოკინას სინდრომი“ (აწმყო);
· საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა — სოფიო შამანიდი „აუტანელი კაცები/„აუტანელი“ ქალები“ (სულაკაურის გამომცემლობა);
· საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი — გიორგი საჯაია „ლპობა“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო); ლექსო ჩხაიძე „გარეთ, ქარში საკითხავი“ (კალმოსანი);
· საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა — ანა მარგველაშვილი „წერილები მეფეს“ (ალონი);
· უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი — ანი კოპალიანი, ადამ მიცკევიჩის „ჯიადი“ (გამომცემლობა ინტელექტი);
· ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოვდებიან ლერი ალიმონაკი და ზაზა აბზიანიძე.
გამარჯვებულები 250-მდე საკონკურსო ტექსტიდან 5-კაციანმა ჟიურიმ გამოავლინა. ესენი იყვნენ: მწერლები, პოეტები და მთარგმნელები, მარი ბექაური, ლია ლიქოკელი, დავით ქართველიშვილი, ლელა დუმბაძე, ტორესა მოსი.
„საბას“ დაჯილდოების ცერემონია უკვე ორი წელია, რაც აღარ ტარდება. ამის მიზეზად პრემიის დამფუძნებელი ქვეყანაში არსებულ მძიმე ფონს ასახელებს, მათ შორის, რეპრესიებში მოყოლილ მწერლებს, გამომცემლებს, ჟურნალისტებს.
„ლიტერატურული პრემია „საბა” 2002 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად გაიცემა. ბოლო ორი წელია, რაც აღარ ტარდება დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. ისევე, როგორც შარშან, წელსაც, ქვეყანაში სახეზეა უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი. დაკავებულები იყვნენ და არიან ჩვენი კოლეგები, ჟურნალისტები, მწერლები, გამომცემლები.
არ დარჩენილა პროფესიული სფერო, რომლის გამორჩეული წარმომადგენლებიც სასჯელს არ იხდიდნენ ქვეყნის ევროპული და ცივილიზაციური არჩევანის ერთგულების გამო.
მწერლები პაატა შამუგია, ზვიად კვარაცხელია, ბექა ქურხული სასჯელს იხდიდნენ სხვადასხვა იზოლატორში, 2 წლით თავისუფლება აღუკვეთეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელსა და პოეტ ზვიად რატიანს. რეპრესირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.
ლიტერატურული პრემია „საბა“ დამოუკიდებელი საქართველოს პირმშოა. მისი მრწამსი და ფილოსოფია ეფუძნება სულხან-საბა ორბელიანის საქმეებსა და მისწრაფებებს, რაც გულისხმობს საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ხელისუფლების მესვეურთაგან ამ დიდი იდეალების ღალატს, იდეალებისა, რომელზეც თავიდანვე იდგა ქართული კულტურა, ლიტერატურა და ხელოვნება.
შესაბამისად, დაჯილდოება წელსაც არ ჩატარდება, თუმცა ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას თანამედროვე ქართველი ავტორებსა და ლიტერატურული პროცესის წინაშე, ამიტომ თანხებს, რომელიც ადრე
დაჯილდოების ცერემონიას ხმარდებოდა, ახლა სრულად იმ ავტორებისკენ მივმართავთ, რომლებიც 2025 წლის „საბას“ ჟიურის გადაწყვეტილებით მოკლე სიაში მოხვდნენ.
დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ერთად ვიზეიმებთ ცივილიზაციური განვითარების გზაზე საქართველოს დაბრუნებას, რის შემდეგაც „საბას“ ახალი ენერგიითა და სიხარულით ჩავატარებთ“, — წერს რატი ამაღლობელი, ლიტერატურული პრემიის დამფუძნებელი.