ეს დემოკრატიული მმართველობის ფორმის შეზღუდვა და აკრძალვაა, რადგან ემიგრანტები არიან ადამიანები, რომლებსაც „ოცნების“ ძალადობა, დაშინება, მოსყიდვა ვერ სწვდება, რომლებსაც აქ „წარმატებით“ იყენებს,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც დაანონსებულ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, საზღვარგარეთ ყოფნის პირობებში აღარ ექნებათ.
გიორგი შარაშიძის თქმით, ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა, რომ ემიგრანტებს, რომლებიც „საქართველოს ინახავენ“, მათ გაძლიერებაზე იფიქროს, მათ ახალ შეზღუდვებს უწესებს. მისივე თქმით, ლოჯისტიკურადაც შეუძლებელია ამდენი ადამიანი არჩევნების დღეს თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებმა მიიღონ.
„ოცნება“ ემიგრაციაში ვერ ავრცელებს პროპაგანდას. აქამდე თუ ვაცხადებდით, რომ „ოცნება“ ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობისგან აქცევდა იზოლაციაში, ახლა გვაქვს მოცემულობა, როდესაც „ოცნება“ ქვეყანას საკუთარი მოქალაქეებისგან აქცევს იზოლაციაში, იმის ნაცვლად, რომ ემიგრანტები დააფასოს და ხელი შეუწყოს. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც იძულებით არიან გაქცეულები ოჯახების გამო, ამაზე კი პასუხისმგებლობა „ოცნებას“ ეკისრება. „ოცნება“ ადამიანებს ქვეყნის დატოვებას აიძულებს და მათი რაოდენობა მუდმივად მზარდია. სწორედ ეს ადამიანები ინახავენ საქართველოს. იქ „ოცნებას“ კოორდინატორები არ ჰყავს და ხალხს „კაპიტნებით“ ვერ მართავენ. ემიგრანტები ინფორმირებულ გადაწყვეტილებას იღებენ.
არავინ ვიცით, როდესაც არჩევნები დაინიშნება, რამდენად აქტიური იქნება ემიგრაცია. თუ ვაცხადებთ, საქართველოში არჩევნებში მოსახლეობის ნახევარი იღებს მონაწილეობას, მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ ემიგრანტთა ნახევარმაც მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში? საქმე იმაშია, რომ საშუალების აკრძალვაზეა საუბარი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონულად შესძლებოდათ, საუბარი მილიონზე მეტ ამომრჩეველზე გვაქვს. მათმა ნახევარმაც რომ მიიღოს მონაწილეობა, ეს 750-800 ათასი ხმაა, მაშინ როდესაც თბილისის ე.წ. მერი [კახა კალაძე] 200 ათასი ხმით არის არჩეული“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
რაც შეეხება იმას, მთელი რიგი გარემოებები მიანიშნებს თუ არა იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ შესაძლოა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის ემზადებოდეს და რას იზამს გიორგი გახარიას პარტია, თუკი არჩევნები წამყვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემდეგ დაინიშნება, მისი თქმით, „არჩევნების გარეშე ქვეყანას დემოკრატიული განვითარების საშუალება არ აქვს“ და „არჩევნების იდეაა გადასარჩენი“.
„თითქოს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ „ოცნება“ მართლაც არჩევნებისთვის ემზადებოდეს. მაგრამ სამართლიანი იქნება ის ვარაუდო, რომ შესაძლოა სრულიად საპირისპიროსთან გვქონდეს საქმე. დღეს „ოცნება“ პოლიტიკურ ველს ასუფთავებს. ყველა საკანონმდებლო ინიციატივაც ამას ემსახურება, რომ შემდგომი არჩევნები, როდესაც იქნება, მათთვის კომფორტული იყოს.
პარტიების აკრძალვა „ოცნების“ მიერ დადგმული მორიგი სპექტაკლია და ამას ჩვენ როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რეალურ ბრძოლად არ ვაფასებთ. აკრძალვის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ შიში ფაქტორი ყოველთვის იქნება, რომელიც „ოცნებას“ არაერთხელ გამოუყენებია. „ოცნება“ არჩევნებს რადიკალიზაციითა და დაპირისპირებით იგებს, ანუ მათ სჭირდებათ რადიკალური მოწინააღმდეგე როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“. მაგრამ ახლა ქვეყანაში არჩევნების იდეაა გადასარჩენი. მაგრამ ჩვენ შევალთ თუ არა მსგავს არჩევნებში, ჯერ იმ პერიოდის პოლიტიკური სიტუაცია უნდა გვესმოდეს. არჩევნების გარეშე ქვეყანას დემოკრატიული განვითარების საშუალება არ აქვს, ამიტომ სჯობს, რომ პოლიტიკური სპექტრი იმ ვითარებაზე გადაეწყოს, სადაც ასეთ რთულ პირობებში მოუწევთ რეჟიმთან დაპირისპირება. ახლა ბრძოლის ხაზი პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა გადიოდეს, რომლის წყალობითაც „ოცნებას“ იმაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე იმსახურებს. თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტმა და 4 ოქტომბრის მოვლენებმა გააძლიერა „ოცნება“, რის შემდეგაც „ოცნებას“ მწვანე შუქი აენთო საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, რომლებიც მიიღეს. როდესაც „ოცნებამ“ მისი მმართველობის გაცილებით უარესი ალტერნატივა დაანახა ხალხს, ამან მას გარკვეული სახის ლეგიტიმაცია მისცა. ჩვენი პოზიცია არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებაა და ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლით.
ჩვენ, ჩვენი მოსაზრებები გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ აკრძალვას მივესალმებით. მაგრამ მათი აკრძალვა არ ნიშნავს იმას, რომ მათ „ოცნება“ არ მისცემ საშუალებას ამა თუ იმ ფორმით, რომ ისინი კვლავ დღის წესრიგში იყვნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ფაქტორი ყოველთვის იქნება, „ოცნებას“ სტაბილიზაცია არ უნდა, მათ რადიკალიზაცია სურთ“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ასევე, გიორგი შარაშიძემ ანტიკორუფციული ბიუროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი გაუქმებაც შეაფასა. პოლიტიკოსის შეფასებით, ანტიკორუფციული ბიურო, კორუფციასთან ბრძოლის რეალურ ფუნქციას არ ასრულებდა.
„სანამ ეს ბიურო შეიქნებოდა, გასაგები იყო, რაც მოხდებოდა, რადგან პრემიერ-მინისტრი ნიშნავდა ბიუროს უფროსს და არა კონსენსუსის გზით. საბოლოოდ, მივიღეთ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რომელიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან, ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მებრძოლი გამოდგა, მაგრამ, როგორ იბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, კარგად ვნახეთ, რომელმაც ის ამ თანამდებობაზე დანიშნა. ეს ბიურო, რომ ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას, ესეც ოცნების პასუხისმგებლობაა. კობახიძე ვერავის დააჯერებს, რომ კორუფციას ებრძვის, რადგან ამ ქვეყანაში კორუფციასთან პირველი ვინც ასოცირდება კახა კალაძეა, რომელიც კობახიძემ მე-3 ვადით წარადგინა თბილისის მერად და ამ დროს „კორუფციას ვებრძვიო“, ეს აბსურდი და პარადოქსია“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
რაც შეეხება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმებას, გიორგი შარაშიძე ამ გადაწყვეტილებას „ბოდიშისა“ ან ჩორჩანას საქმის გაგრძელებად აფასებს.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ საჯაროდ, „ბოდიში“ მოვისმინეთ ოკუპანტების წინაშე, მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე 13-წლიანი მუხლით აღძრეს საქართველოს მიწების მშვიდობიანად დაცვის გამო, ამით სამართლებრივი არგუმენტაცია შეუქმნეს დე-ფაქტო, მარიონეტულ რეჟიმს, რომ მათ ჩვენს მიწებზე ინტერესი გამოხატონ. ჩორჩანა კი იმ 28 ტერიტორიული ერთეულიდან ერთ-ერთია. გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმე საქართველოს ეროვნული ინტერესებისკენ აღძრული საქმეა. მნიშვნელოვანია, რომ გიორგი გახარია გამართლდეს, რადგან ამით საქართველოს ინტერესები დავიცვათ. რასაც „ოცნება“ აკეთებს, ეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვას კი არა, არამედ მათი ძალაუფლების გახანგრძლივებას ემსახურება“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.




