იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მათი საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ, ფარულად შეაფასებენ.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში, ცვლილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატების შერჩევის წესსაც ეხება. ამასთან, მარტივდება კანდიდატთა შერჩევის პროცედურა.
საკითხის ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები არიან.
პროექტის გათვალისწინებით, უქმდება კანონის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, კანდიდატთა შეფასებების დასაბუთებები საჯაროა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე, საბჭოს წევრების ვინაობის მითითებით ქვეყნდება.
ინიციატორთა განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასებისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე ყოველგვარი შესაძლო – როგორც გარე ძალების, ისე შიდა კორპორაციული ზეგავლენის პრევენციისთვის, კანდიდატთა შეფასებები, ასევე მათთან დაკავშირებული კენჭისყრები ფარულად – საბჭოს დახურულ სხდომებზე უნდა შედგეს.
შეფასებებისა და კენჭისყრების ფარულობიდან გამომდინარე, არც ამ შეფასებათა და კენჭისყრებში მიღებულ გადაწყვეტილებათა დასაბუთების, მათი გამოქვეყნების, ასევე შეფასებებში არსებული ხარვეზების შესავსებად ვადის დაწესების ვალდებულებები შენარჩუნდება.
კანონის პროექტის გათვალისწინებით, თუ პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატის არჩევის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, საბჭოს შეეძლება პარლამენტს კანდიდატი ხელახლა წარუდგინოს ან შესარჩევი პროცედურა თავიდან დაიწყოს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, დასაშვები იქნება მხოლოდ საბჭოს წარდგინების გასაჩივრება და აღარ მოხდება ე.წ. საბუთების გადარჩევისა და საჯარო მოსმენის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება.
ამასთან, თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს დააკმაყოფილებს, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ იმავე კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს, სხვა კანდიდატს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება მხოლოდ ერთჯერადად შეეძლება.
კიდევ ერთი ცვლილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებას ეხება. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო შერჩევის პროცედურის დაწყებას აცხადებს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს, ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით და შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებრივ მაუწყებელსა და არანაკლებ ორ ეროვნულ მაუწყებელს აწვდის. ცვლილებებით, ინფორმაციის არანაკლებ ორი ეროვნული მაუწყებლისთვის მიწოდების ვალდებულება უქმდება.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.




