2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის განაკვეთი კოლოფზე 85 თეთრით, 2.75 ლარამდე იზრდება – ამას ითვალისწინებს დეპუტატების შოთა ბერეკაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, ლევან მაჭავარიანის და თორნიკე ბერეკაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი.
კანონპროექტით, ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე აქციზის განაკვეთი, რაც იმპორტულის თანაბარი იყო და 1.9 ლარს შეადგენდა, 1.3 ლარამდე დაიკლებს.
თუმცა, კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმზე შეღავათი ვრცელდება პირველ 35 მილიონ კოლოფზე, რის შემდეგაც სტანდარტული ტარიფი იმოქმედებს.
„კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი წარმოების დაცვა და სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდა. აღნიშნულის მისაღწევად კი საჭიროა ადგილობრივი წარმოების სიგარეტებზე (2402 20 კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე, ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე) აქციზის განაკვეთის შემცირება. გარდა ამისა, ფისკალური და საზოგადოებრივი მიზნების მიღწევისთვის მნიშვნელოვანია 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტების და იმპორტირებული სიგარეტების აქციზის განაკვეთის ცვლილებაც.
ადგილობრივი წარმოების სიგარეტების (2402 20 კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე, ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე) აქციზის განაკვეთის შემცირებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება როგორც ბაზრის სტრუქტურაზე, ისე კონკურენტულ გარემოზე. შედეგად, ჩამოყალიბდება ჯანსაღი კონკურენტული გარემო და ბაზარზე გაიზრდება ადგილობრივი წარმოების წილი. აღნიშნული ხელსაყრელ პირობებს შექმნის, როგორც ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებისთვის, ისე საბიუჯეტო შემოსავლების სტაბილიზაციისთვის. გარდა ამისა, 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტების და იმპორტირებული სიგარეტების აქციზის განაკვეთის ცვლილების შედეგად მოსალოდნელია სიგარეტზე არსებული აქციზის პოლიტიკის ფარგლებში ფისკალური და საზოგადოებრივი მიზნების მიღწევა.
2402 20 კოდში მითითებული ადგილობრივი წარმოების სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით, ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე დაიბეგრება 20 ღერზე 1.3 ლარის ოდენობის აქციზის განაკვეთით; 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით, ასევე იმპორტირებული სიგარეტები დაიბეგრება 20 ღერზე 2.75 ლარის ოდენობის აქციზის განაკვეთით. – 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტებისათვის/უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი იქნება 188- ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 15 პროცენტის ჯამი. ხოლო ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტებისათვის/უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი იქნება 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამი“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.




