იუსტიციის უმაღლეს საბჭოს – ნაცვლად სააპელაციო და რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეებისა – დისკრეციული უფლებამოსილება ენიჭება, ელექტრონული პროგრამის გამოყენების გარეშე შეარჩიოს მოსამართლე, რომელსაც სხვა სპეციალიზაციის საქმეთა განხილვა დაევალება.
ეს არის ერთ-ერთი ცვლილება იმ მთელ რიგ ცვლილებათა შორის, რომლის ასახვაც “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში იგეგმება.
საკანონმდებლო ინიციატივა ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სააპელაციო და რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეებს აქვთ უფლებამოსილება იმისა, რომ საქმეთა ავტომატურად – ელექტრონული სისტემით განაწილების წესით მოსამართლე შეარჩიონ და მას, მისივე თანხმობით, ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში საქმის განხილვა დაავალონ.
კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით კი, ასეთ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ელექტრონული პროგრამის გამოყენების გარეშე მიიღებს, რა შემთხვევაშიც მოსამართლე, მისივე თანხმობით, სამოსამართლო უფლებამოსილებას განახორციელებს როგორც იმავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში, ასევე ერთი პალატის შემადგენლობაში შექმნილ სხვა ვიწრო სპეციალიზაციის მიხედვით.
“რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების ფუნქციონირებისას ხშირია შემთხვევა, როდესაც შესაბამისი სპეციალიზაციის მოსამართლე სხვადასხვა ობიექტური გარემოებებიდან – დროებითი შრომისუუნარობა, შვებულება, მივლინება და ა.შ. – გამომდინარე, მართლმსაჯულებას ვერ ახორციელებს.
საერთო სასამართლოების სისტემისთვის დამახასიათებელი საქმეთა სიმრავლისა და მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობის პრობლემიდან გამომდინარე, მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია აღნიშნული მოსამართლე მაქსიმალურად ოპერატიულად და ეფექტიანად ჩანაცვლდეს, თუნდაც სხვა სპეციალიზაციის მოსამართლით”, – ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
“საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის პროექტის კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ სასამართლო სისტემაში დამატებითი ხელმძღვანელი თანამდებობები იქმნება. სააპელაციო და რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეებს ორი მოადგილე ეყოლებათ, რომელთაგან ერთ-ერთი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლებელია პირველ მოადგილედ დანიშნოს.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.




