ვახუშტი მენაბდე – არაგონივრულია მოთხოვნა, მილიონამდე მოქალაქე დაავალდებულო, სთვის საქართველოში ჩამოვიდეს და ისევ უკან გაბრუნდეს – მიზეზია გაანეიტრალონ ამომრჩევლები, რომელზეც ვერ ზემოქმედებს დაშინება, მანიპულაცია, შეპირება თუ ირიბი მოსყიდვა

არაგონივრული მოთხოვნაა, მილიონამდე ადამიანს დაავალდებულო საქართველოში ჩამოსვლა სთვის და ისევ უკან გაბრუნება – ამ გადაწყვეტილების რეალური მიზეზია ის, რომ გაანეიტრალოს ის ამომრჩეველი, რომელზეც ვერ ზემოქმედებს სხვადასხვა ინსტრუმენტი, იქნება ეს დაშინება, მანიპულაცია, შეპირება, ირიბი მოსყიდვა თუ სხვა, – ასე აფასებს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, მოძრაობა “სოციალური დემოკრატიისთვის” წევრი ვახუშტი მენაბდე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომ უცხოეთში მყოფ თანამოქალაქეებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეეძლებათ.
როგორც მენაბდემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ადამიანების ის ნაწილი, ვინც საქართველოში არ ცხოვრობს, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აქციოს.
„ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება არამხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ელემენტარულ დემოკრატიულ ლოგიკას. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ადამიანების ის ნაწილი, ვინც საქართველოში არ ცხოვრობს, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აქციოს, მათ ჩამოართვა ის, რაც ამ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტს ქმნის.
არაგონივრული მოთხოვნაა, რომ მილიონამდე ადამიანს დაავალდებულო საქართველოში ჩამოსვლა არჩევნებისთვის და ისევ უკან გაბრუნება. ჩვენი ეკონომიკა დიდწილად ივსება იმ გადმორიცხვებით, რასაც ემიგრაცია ახორციელებს. ამ ხალხს შეაქვს წილი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში და მიუხედავად ამისა, არ ეძლევათ საშუალება ქვეყნის მართვაში მიიღონ მონაწილეობა. თქვეს, რომ მოდი, ფული შემოიტანეთ, მაგრამ იმის იქით არაფერს გკითხავთ.
„ქართული ოცნება“ ავტორიტარული ძალაა, ის არ ატარებს სამართლიან არჩევნებს. იმისთვის, რომ სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდეს, საჭიროა გქონდეს გავლენის მოხდენის ინსტრუმენტები ამომრჩეველზე. „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე ძალიან ბევრ ინსტრუმენტს იყენებს ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის, რათა საბოლოოდ დააყენოს ის შედეგი, რაც მისთვის იქნება ხელსაყრელი“,-აღნიშნა მენაბდემ.
გარდა ამისა, მან „ქართული ოცნების“ იმ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ანტიკორუფციული ბიურო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი უქმდება. როგორც ვახუშტი მენაბდემ აღნიშნა, ეს ცვლილებები ემსახურება ძალაუფლების გადაწყობა იმისთვის, რომ კონკრეტულმა ჯგუფმა უფრო ეფექტიანად განახორციელოს დასახული მიზნები, კერძოდ, რეპრესიები.
„ეს ინსტიტუტები ემსახურებოდა „ქართული ოცნების“ ძალაუფლების განხორციელებას, რეპრესიული მექანიზმის ნაწილი იყო. ჩვენ რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ და კონსტიტუცია კონსტიტუციობდეს, ეს არგუმენტები, რასაც ამბობენ, შეიძლება გამხდარიყო მსჯელობის დაწყების საფუძველი. ამ შემთხვევაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რეალური ამოცანა არის ის, რომ ეს ცვლილებები ემსახურება ძალაუფლების კონსოლიდაციას, შიდა მენეჯმენტური გადაწყვეტილებაა. თვლიან, რომ საჭიროა ძალაუფლების სხვაგვარი გადაწყობა იმისთვის, რომ კონკრეტულმა ჯგუფმა უფრო ეფექტიანად განახორციელოს დასახული მიზნები, რეპრესიები. მხოლოდ ეს ამოცანა აქვს ამას“, – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ცვლილებებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.ასევე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ანტიკორუფციული ბიურო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი უქმდება.