“დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს” და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა კვლევის პრეზენტაცი – “საქმეთა გაჭიანურების პრობლემა საქართველოს საერთო სასამართლოებში”. 2021-22 წლებში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, სასამართლოში საქმეთა გაჭიანურების საერთო სურათი არ შეცვლილა.
კვლევაში ნათქვამია, რომ სასამართლოს მენეჯმენტის ერთიანი სისტემის შექმნამ საქმეთა გაჭიანურების პრობლემის დაძლევის მიმართულებით წინსვლა ვერ გამოიწვია. ორგანიზაციების თქმით, გამოიკვეთა, რომ არ არსებობს საქმეთა ნაკადის ეფექტიანი მართვის ერთიანი პოლიტიკა და სისტემა, რომლის ფუნქცია უნდა იყოს საქმის გაჭიანურების თავიდან აცილებისთვის რეგულარულად ზომების მიღება – საქმეთა ნაკადის მართვა მხოლოდ მოსამართლის ინდივიდუალური მიდგომებისა და ძალისხმევის მიხედვით ხდება. საქმის განხილვის გაჭიანურებას ასევე იწვევს უსაფუძვლოდ და ხანგრძლივი ვადით საქმეთა განხილვის გადადება და საქმეთა ხანგრძლივი უძრაობის პერიოდები.
კვლევის მიხედვით, თუ 2017 წელს ერთ მოსამართლეზე წლის განმავლობაში საშუალოდ 567 საქმე მოდიოდა, 2022 წლის მონაცემებით, ეს საშუალო მაჩვენებელი 737-ს შეადგენს. შესაბამისად, საკვლევ პერიოდში ყოველწლიურად იზრდება ერთი მოსამართლის დატვირთულობა. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა 340-ია. “სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ამჟამად სისტემაში დაახლოებით 100 ვაკანსიაა მაგრამ სასამართლო ფაქტობრივად არაფერს აკეთებს კადრების შესავსებად.
“ეროვნული კანონმდებლობით არ არის დადგენილი საქმის გაჭიანურებაზე რეაგირების ეფექტური სისტემა. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქმის ამაჩქარებელ ან დაგვიანებული განხილვის მაკომპენსირებელ მექანიზმებს, რაც შეუსაბამოა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციასთან. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის არსებული სისტემა საპროცესო ვადის გადაცილების შემთხვევებზე რეაგირებისთვის არაეფექტურია”, – ნათქვამია ანგარისში.
კვლევაში ნათქვამია, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა გაჭიანურება მეტწილად მოსამზადებელ ეტაპზე ხდება.
“თითოეულ მოსამართლეებს აქვთ 400-500, ზოგ შემთხვევაში 600 და 1000 საქმე აქვს მაგიდაზე და ამ საქმეების გამკლავებას უკვე მოსამართლეები ვეღარ ახერხებენ, თუნდაც, ძალიან ბევრი რომ იმუშაონ, მაინც”, – ამბობს იურისტი, კახა წიქარიშვილი.
კვლევა ამბობს, რომ საქმის ეფექტიანი მართვის საკითხებზე მოსამართლეთათვის სიახლეების, საერთაშორისო სტანდარტებისა და კარგი პრაქტიკის გაცნობის მიზნით არ ტარდება სამუშაო შეხვედრები და არ იმართება დისკუსიები.
