„არც მისი არსებობით გრძნობდა ბიზნესი დიდ მხარდაჭერას და მის გარეშეც არ მგონია, დიდი დანაკარგი ჰქონდეს“ – ლევან ყარალაშვილი ბიზნესომბუდსმენის აპარატზე

„არც მისი არსებობით გრძნობდა ბიზნესი დიდ მხარდაჭერას და მის გარეშეც არ მგონია, დიდი დანაკარგი ჰქონდეს“ – ლევან ყარალაშვილი ბიზნესომბუდსმენის აპარატზე
„არც მისი არსებობით გრძნობდა ბიზნესი დიდ მხარდაჭერას და მის გარეშეც არ მგონია, დიდი დანაკარგი ჰქონდეს“, – ასე აფასებს „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი, ბიზნესმენი ლევან ყარალაშვილი „ბიზნესპრენსიუსთან“ ბიზნესომბუდსმენის აპარატის ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადასვლას.
მისი თქმით, ზოგადად, ბევრი ქვეყნის მაგალითზე, ბიზნესომბუდსმენის იდეა კარგია. თუმცა, ქართულ რეალობაში, როგორც ლევან ყარალაშვილი აღნიშნავს, საკმაოდ დიდი ხანია არ მსმენია, რომ ამ სტრუქტურის გავლით ბიზნესს რაიმე მნიშვნელოვანი შედეგისთვის მიეღწიოს.
„ზოგადად, ბიზნესომბუდსმენის იდეა კარგია და ბევრ ქვეყანაში ეს ინსტიტუტი ასრულებს ერთგვარი ფასილიტატორის და ბიზნესის ინტერესების წარმომადგენლის ფუნქციას ხელისუფლებასთან ურთიერთობაში. თუმცა ქართულ რეალობაში საკმაოდ დიდი ხანია მე არ მსმენია, რომ ამ სტრუქტურის გავლით ბიზნესს რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი ან წარმატება მიეღო, ამა თუ იმ თემაზე კომუნიკაციის დროს. ხშირად იყო შეხვედრები უფრო სამინისტროების დონზე, ვხედავთ, რომ არის შეხვედრები ბიზნესის და ხელისუფლების წარმომადგენლების, თუმცა ბიზნესომბუდსმენს დღევანდელ მოცემულობაში ნაკლებად აქტიური როლი ერგო. ვფიქრობ, ეგ სტრუქტურა დღევანდელ რეალობაში საკმაოდ უმოქმედო იყო. არც მისი არსებობით გრძნობდა დღეს ბიზნესი რამე დიდ მხარდაჭერას და მის გარეშეც არ მგონია, დიდი დანაკარგი ჰქონდეს.
რაც შეეხება ბიზნესომბუდსმენის აპარატის ეკონომიკის სამინისტროში გადასვლას, არ მგონია, რამე მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ისევ სამინისტროზე დაქვემდებარებული სტრუქტურა, თავისთავად ნიშნავს, რომ სახელისუფლებო გუნდზე დამოკიდებულ სტრუქტურად დარჩება. რამე დამოუკიდებელი და ისეთი ძლიერი ინსტიტუტის ფორმა მას არ ექნება, რომ ბიზნესის ინტერესების ლობირება მოახდინოს“,- ამბობს ლევან ყარალაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატი იანვრიდან ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა. ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც უქმდება.
„ბიზნესომბუდსმენის აპარატი, ახალი ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში, რაც ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი