ფერმერი დოდუკა ბრატულიჩი ქართულ ბაზარზე საკვები პროდუქტების ფასების უკონტროლო ზრდაზე საუბრობს და იმასაც აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ფერმერებს დახმარებაზე უარს ეუბნება.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას დოდუკა ბრატულიჩმა განაცხადა, სახელმწიფოს ყველაზე მინიმუმ ის მაინც შეუძლია, ფერმერს დახმარება მიწის დამუშავებისთვის საჭირო ნივთიერებების შეძენაში აღმოუჩინოს, რაც მისი თქმით, კოლოსალური თანხები ჯდება.
„მიკვირს, როგორ ახერხებენ ადამიანები უბრალოდ, არსებობას. თუნდაც კვირაში ერთხელ რომ მიირთვან თევზი, ხორცი, რძის პროდუქტები, მიიღონ ნახშირწყლები და ასე შემდეგ, თითქმის შეუძლებელია, რადგან ბაზარზე ყველაფერი ძალიან ძვირია.
ქარელში ვფლობთ მიწებს და პროდუქციას მომხმარებელს ძალიან დაბალ ფასად ვთავაზობ შემდეგი პირობით: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს ბაღებში, თავად დაკრიფოს, აწონოს და ბოლოს – გადაიხადოს. ამ გზით მე მუშა-ხელის ხელფასს ვზოგავ და ბუნებრივია, ეს ფასზეც აისახება, მომხმარებელს კი საკუთარი ხელით მოკრეფილი საუკეთესო პროდუქტი მიაქვს.
პრობლემა ის არის, რომ მე, როგორც ფერმერს, სახელმწიფო გვერდში არ მიდგას. რა თქმა უნდა, მუშა-ხელის ხელფასში სახელმწიფო ვერ შემომეხიდება. სამაგიეროდ, იწყება მიწების დამუშავება, სათბურის გადახურვაა საჭირო, წვეთოვანებია გასაყვანი და ასე შემდეგ. მიწას სჭირდება სხვადასხვა ნივთიერება, რომლის ერთი პაკეტი, მაგალითად, 1400 ლარი ღირს და როცა ჰექტრებია დასამუშავებელი, კოლოსალურ თანხებზეა საუბარი. სახელმწიფოს ვთხოვ, იქნებ, 20%-იანი ფასდაკლება გამიკეთოს, 30%-პროცენტიანი, რაც შეუძლია, მაგრამ ფაქტობრივად, არაფერზე მოდის. მე მარტო საკუთარი სახელით არ ვსაუბრობ ამას, ყველა ფერმერის სათქმელს ვამბობ“, – აცხადებს დოდუკა ბრატულიჩი.




