საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაახლოებით ორი კვირაა გერმანიაში იმყოფება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
როგორც ის ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, რიჟვაძის მდგომარეობაზე ინფორმაცია მისი ოჯახის წევრებისგან აქვს. ახვლედიანის ინფორმაციით, რიჟვაძე გერმანიის ერთ-ერთი ქალაქში ცოლთან და შვილებთან ერთად იმყოფება.
“მე მუდმივად მაქვს ოჯახის წევრებთან კავშირი და ეს არაერთხელ მითქვამს, მას ჯერჯერობით არ აქვს ტელეფონი და კონტაქტი აკრძალული აქვს [ექიმების მიერ]”, – ამბობს ალექსი ახვლედიანი.
მისი სიტყვებით, თვალთან დაკავშირებული სამედიცინო პრობლემის გამო, თორნიკე რიჟვაძესა და მის მეუღლესთან ერთად გერმანიაში მანამდე თავადაც იმყოფებოდა, კერძოდ, როგორც გამოძიების ვერსიიდანაა ცნობილი, რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე.
“შემთხვევამდე დაახლოებით ორი-სამი კვირით ადრე, თვალის პრობლემის გამო ვიყავით გერმანიაში. ერთად ვიყავით – მე, თორნიკე და მისი მეუღლე. მაშინ უთხრეს, რომ დაახლოებით სამ კვირაში, ერთ თვეში უნდა დაბრუნებულიყო უკან, დანიშნული პრეპარატების მოქმედების გადასამოწმებლად. ამის შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო ვერ დაბრუნდა და თურქეთში გაიკეთა [თვალზე] პირველი ოპერაცია, ვინაიდან იქ გადიოდა მკურნალობას. თითქოს უკეთესობა იყო და უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, კვლავ ჩაუდგა სითხე და გადაწყვიტა ისევ იმ კლინიკაში დაბრუნება [გერმანიაში], სადაც თავიდანვე გადიოდა მკურნალობას”, – უთხრა ალექსი ახვლედიანმა რადიო თავისუფლებას.
შეკითხვაზე, როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა 7 ივლისს მომხდარის შემდეგ, ალექსი ახვლედიანმა თქვა, რომ “მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის ისეთი, რომ მეორე ოპერაციის გაკეთებაზეც თავს იკავებენ, სანამ არ მოძლიერდება”.
რაც შეეხება საგამოძიებო პროცედურებს, ალექსი ახვლედიანის თანახმად, “არც გამოკითხულია. ჯერჯერობით ამაზე თანხმობას ექიმები არ იძლევიან”. ამასთან შეკითხვაზე, რამდენ ხანს იქნება რიჟვაძე გერმანიაში, ახვლედიანმა თქვა, რომ ეს დამოკიდებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, ალექსი ახვლედიანს, ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის აქვს წარდგენილი. გამოძიების ვერსიით, 2025 წლის 7 ივლისს თორნიკე რიჟვაძემ ალექსი ახვლედიანის საგარეჯოში მდებარე სახლში ახვლედიანის კუთვნილი იარაღით სცადა თვითმკვლელობა. ახვლედიანი ამ საქმეში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თორნიკე რიჟვაძის დაჭრის ფაქტის გახმაურების შემდეგ, 7 ივლისს პროსახელისუფლებო მედიამ მალევე გაავრცელა ცნობები მის ტანსაცმელში “სამედიცინო პერსონალის” მიერ აღმოჩენილ წერილზე, რომელშიც თვითმკვლელობის მიზეზად დასახელებულია მის მიმართ ბრალდებები „კორუფციასა და ბარიგების მფარველობაში“ და ხაზგასმულია იმედი, რომ რიჟვაძის ნათესავებს ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე დაიცავენ.
9 ივლისიდან მოყოლებული, თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებოდა.
· თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო 2018 წლის ივლისიდან.
· იგი თანამდებობიდან 2025 წლის 4 აპრილს გადადგა და გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუკის გვერდზე დაწერა.
ფორუმი




