„ანტიკრიზისული პლატფორმა“ 10-დღიან ინიციატივას იწყებს სახელწოდებით – „თავისუფალი მიკროფონი“.
კერძოდ, ინიციატივის ავტორების ცნობით, 17-26 ნოემბერს, ყოველ დღე, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მოქალაქეები „საკუთარი, მძიმე გამოცდილებებიდან დაგვანახებენ საქართველოში შექმნილ ურთულეს, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს“.
ინიციატივის ორგანიზატორების განცხადებით, დროა, მოქალაქეების ხმა ყველაზე მკაფიოდ ისმოდეს.
„სწორედ ამიტომ, „თავისუფალი მიკროფონი“ დაეთმობა 10 თემატურ ჯგუფს: მასწავლებლებსა და ლექტორებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდებს, დევნილებს, ვეტერანებს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს, უფროს თაობას, შშმ პირებს და სახელმწიფოს დახმარებაზე დამოკიდებულ პაციენტებს, სინდისის პატიმართა ოჯახებს და აქციების დროს დაკავებულებს.
რაც უფრო მეტ ადამიანს ეძლევა სიტყვის უფლება, მით უფრო ძლიერდება საზოგადოება. დღეს და სამუდამოდ, საქართველოში ხალხის ხმა უნდა გახდეს მთავარი ღირებულება,“ – აცხადებენ პლატფორმის წარმომადგენლები.
მათივე ინფორმაციით, „ფორმატი სრულიად აპარტიულია – არ იქნება სცენა, პარტიული ლოგოები, ტრიბუნა ან პოლიტიკური გამოსვლები. იქნება უსაფრთხო, ღია სივრცე მხოლოდ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გვიამბობენ საკუთარ, უმძიმეს ყოველდღიურობაზე, რაც ერთობლიობაში ქმნის სახელმწიფოს კრიზისს“.
„ინიციატივის მიზანია: საზოგადოების წინაშე წარდგნენ პიროვნებები, რომელთა ხმაც სახელმწიფოს დეზინფორმაციული პოლიტიკის პირობებში, ფაქტობრივად ჩახშულია;
შეიქმნას უსაფრთხო და ღია სივრცე მოქალაქეებისთვის;
წახალისდეს თვითორგანიზება და საზოგადოებრივი სოლიდარობა;
გაძლიერდეს მოქალაქეების ხმა არჩევნების შემდგომ კრიზისულ პირობებში.
„ჩვენ აქ ვართ, რათა მოვუსმინოთ ერთმანეთს, შევძლოთ ერთად დგომა და არ დავუშვათ სიჩუმე მაშინ, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება სოლიდარობა,“ – აცხადებენ ინიციატივის ავტორები.




