სასაკლაოებში მომსახურების ფასი შემცირდა – 113-მა სასაკლაომ 15 700 ტონა ხორცი აწარმოა

სასაკლაოებში მომსახურების ფასი შემცირდა – 113-მა სასაკლაომ 15 700 ტონა ხორცი აწარმოა
2025 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში 113 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
„საქსტატის“ ცნობით, 113 სასაკლაოდან 18.6 პროცენტი მდებარეობდა კახეთის რეგიონში, 15.9 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 15.9 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 15.9 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 10.6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8 პროცენტი – მცხეთამთიანეთის რეგიონში, ხოლო 15 პროცენტი სხვა რეგიონებში იყო განთავსებული.
„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის მე-3 კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 129.4 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 31.7 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იყო, 61.3 პროცენტი – ღორი, ხოლო 5.7 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 1.3 პროცენტს შეადგენდა.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 274 300 ერთეულით განისაზღვრა.
სასაკლაოების მიერ 2025 წლის მე-3 კვარტალში 16.7 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 29.1 პროცენტი მოდიოდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 35 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 35.2 პროცენტი – ღორის ხორცზე, 0.7 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი ეკავა.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 8.9 ათას პირს, საიდანაც 46.4 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 966 კაცი შეადგინა.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 39.9 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 31.8 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 14.2 ლარი,“ – ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
წინა კვარტალთან შედარებით, სასაკლაოებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის შემთხვევაში, მომსახურების ფასი შემცირდა, ხოლო ცხვრის – გაიზარდა. კერძოდ, 2025 წლის მე-2 კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 40.5 ლარი იყო, ღორის დაკვლის საფასური – 33.7 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 13.3 ლარი.