აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა ახალი კანონპროექტის მომზადების შესახებ, რომელიც მკაცრ სანქციებს დააწესებს ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთთან საქმიან ურთიერთობას და ვაჭრობას გააგრძელებს. ამის შესახებ ცნობას როიტერი ავრცელებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა დაადასტურა, რომ მისი თანაპარტიელები, რესპუბლიკელები კონგრესში მუშაობენ კანონმდებლობაზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლას გაზრდის მისი სავაჭრო პარტნიორების მეშვეობით. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იდეა პირადად მან წამოაყენა.
„როგორც იცით, მე შევთავაზე ეს, ამიტომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან საქმიან ურთიერთობას დაამყარებს, ძალიან მკაცრ სანქციებს დაექვემდებარება“, – თქვა ტრამპმა.
მან დასძინა, რომ კანონმდებლები განიხილავენ ირანის ამ სიაში შეტანას და აღნიშნა, რომ თეირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შესაძლოა კანონპროექტის შემუშავების პროცესში იქნას მიღებული.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა პრაქტიკულად მიაღწია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ზღვარს და აღნიშნა, რომ შეზღუდვები უკვე დაწესდა ქვეყნის უმსხვილესი ნავთობკომპანიებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ შემდეგი ნაბიჯები, სავარაუდოდ, ფოკუსირებული იქნება არსებული სანქციების დაცვის უზრუნველყოფაზე და არა ახლის შემოღებაზე.




