პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 16 ნოემბერს, უქმე დღეების შემდეგ ფლორიდიდან ვაშინგტონში დაბრუნების წინ, ტრადიციულად უპასუხა მედიის რამდენიმე შეკითხვას. ერთ-ერთი ეხებოდა იმას, ხომ არ დადგა დრო, კონგრესმა გადადგას ნაბიჯი უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლის მიზნით.
ტრამპის განცხადებით, რესპუბლიკელები მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს მკაცრი სანქციების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც რუსეთთან ბიზნესი აქვთ. ტრამპის თანახმად, იგივე შესაძლოა, ირანსაც შეეხოს.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში არაერთხელ გადაიდო კენჭისყრა რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების მიერ რამდენიმე თვის წინ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან იმპორტის 500%-ით დაბეგვრას.
კონგრესის ხელმძღვანელები კენჭისყრის გადადების მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ პრეზიდენტი ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებებით ცდილობდა, რუსეთი დაეთანხმებინა უკრაინაში ომის დასრულებაზე.
ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელიც ამავე მიზეზით თავს იკავებდა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებისგან, კრემლთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, 2025 წლის ოქტომბერში სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „ლუკოილს“ და „როსნეფტს“.
რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აქვთ არა მხოლოდ ისეთ სახელმწიფოებს, როგორიც მაგალითად, ჩინეთია, არამედ შეერთებული შტატების მოკავშირეებსაც.
მათ შორის რუსეთისგან ნავთობპროდუქტებს და გათხევადებულ გაზს ყიდულობენ თურქეთი, ევროკავშირის ქვეყნები, იაპონია და სამხრეთი კორეა.
ფორუმი




