6 ტურის შემდეგ სუპერლიგის 2 აუტსაიდერი გამოიკვეთა. ეს გუნდებია გურჯაანის დელტა და თბილისის რაში. ორივე მათგანმა დღეს, მე-6 ტურის დარჩენილ მატჩებში მარცხი განიცადა და ცხრილში ექვსიდან ყველა წაგებით ბოლო – X-XI ადგილებს იყოფენ.
დღეს გამართული 3 მატჩიდან, რითაც მე-6 ტური დასრულდა, ყველა საკმაოდ პრინციპული იყო. თბილისი არენაზე ამბიციური გუნდები შეხვდნენ. თსუ-მ გორის ივერიონს უმასპინძლა და ერთი ამოსუნთქვით – 95:71 (სტატისტიკა) დაამარცხა. გორელებმა ვიცე-ჩემპიონს წინააღმდეგობა კი გაუწიეს, მაგრამ მხოლოდ პირველ ნახევარში და მესამე პერიოდის დასაწყისში. შემდეგ თსუ-მ მატჩზე სრული კონტროლი დააწესა და გამარჯვებამდე იოლად მივიდა.
თსუ-ში ალექსანდრე ფევაძე და კურვოსიე მაკკოლი გამოირჩნენ. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი – 10 ქულა და 10 პასი კვენტინ ჰარდრიქტმა შეასრულა, რომელსაც თსუ-ს შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. ბედის ირონიაა – ჰარდრიქტი საქართველში 2 წლის წინ სწორედ ივერიონში თამაშობდა და დღეს თავისი ყოფილი გუნდის ძლევაში თსუ-ს დიდად დაეხმარა.
მივადექით აუტსაიდერებს – რაშმა ქუთაისთან ზესტაფონში წააგო და მიმდინარე სუპერლიგაში ისევ გამარჯვების გარეშეა. შეხვედრა ქუთაისელთა უპირატესობით როგორც დაიწყო, ისე დასრულდა. პირველი პერიოდის 14 ქულით მოგების შემდეგ ქუთაისელებს რაში ახლოს აღარ მიუშვია და საბოლოოდ 95:83 (სტატისტიკა) იმარჯვა. ქუთაისელებს 28 ქულთ, 9 მოხსნით და 5 პასით გიორგი სულაბერიძემ ულიდერა. 13 ქულა მაარქუს გილსონმა დააგროვა.
დაბოლოს ყველაზე დაძაბული მატჩი, რომლის გამარჯვებულიც ბოლო წუთზე გაიკვა. ერთმანეთს 2 კონკურენტი – რუსთავი და გურჯაანის დელტა შეხვდნენ. კახური გუნდი მოგების გარეშე იყო, რუსთაველებს კი გასული 4 მატჩიდან მხოლოდ 1 ჰქონდათ მოგებული. შესაბამისად, მოგება ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა და საამისოდ მაქსიმუმი გააკეთეს.
უპირატესობას თითქმის მთელი თამაშის მანძილზე რუსთავი ფლობდა, რომელიც ხან 10 ქულით იგებდა, ხან მინიმალური სხვაობით. გურჯაანელები შემადგენლობის როტაციას მიმართავენ – რამდენიმე ლეგიონერი გაუშვეს და ახლები მოიყვანეს, თუმცა ჯერჯერობით შედეგი (მოგება) არ აქვთ.
სწორედ ლეგიონერების წყალობით გურჯაანელებმა თამაში ბოლო წუთებზე გაათანაბრეს და ყველაფერი ახლიდან დასაწყები გახდა. გადამწყვეტი სიტყვა თქვა ვახტანგ გაფრინდაშვილმა, რომელიც 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა რუსთავს და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ყველაზე შედეგიანი გუგა პატაშური გახლდათ, რომელმაც 30 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა, აი, გამარჯვების ბურთები კი გაფრინდაშვილმა ჩააგდო. ჯერ იყო და ბოლოსწინა წუთზე, როცა რუსთავი მხოლოდ ქულით იგებდა, ზუსტი გარღვევით ბურთი ჩააგდო, შემდეგ კი სამქულიანიც მიითვალა და რუსთაველებს გამარჯვება გაუნაღდა.
რევაზ როგავას შორი სამქულიანით ვითარება თითქოს დაიძაბა, მაგრამ მეორე სამიანი რეზომ ვეღარ ჩააგდო და მისი აცილებული კალათში ოთარ ბულიავამ მოათავსა და ეს იყო მაქსიმუმი- 92:91 (სტატისტიკა) რუსთავის სასარგებლოდ და ქვემოქართლელები ცხრილში 2 მოგებითა და 3 მარცხით კსუ-კავკასიას გაუთანაბრდნენ.
სუპერლიგაში ახლა შესვენება გამოცხადდება, რისი მიზეზიც სანაკრებო პაუზაა. მე-7 ტურის მატჩები 5, 6 და 7 დეკემბერს გაიმართება.
GBF
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
ვსა-მ ბათუმს პირველი მარცხი აგემა, გორელებმა რუსთავში 2 ქულით იმარჯვეს
ორბმა და თსუ-მ იმარჯვეს და სუპერლიგის ცხრილში გალიდერდნენ




