უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მისი ქვეყანა არასდროს ევროკავშირს არ დატოვებს, თუმცა ბლოკს სასწრაფო რეფორმირება სჭირდება.
„უნგრეთს სურს ევროკავშირის რეფორმირება, მაგრამ არასდროს დატოვებს მას, რადგან ეს დასავლური ქრისტიანული კულტურის ნაწილია“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი მტკიცებით, უნგრეთის მომავალ არჩევნებში ცენტრალური საკითხი ეროვნული სუვერენიტეტი იქნება. ორბანმა ბრიუსელი უნგრეთის მთავრობის პოლიტიკური ოპონენტების დაფინანსებასა და უნგრეთის შიდა საქმეების მანიპულირებისთვის ეკონომიკურ ზეწოლის გამოყენებაში დაადანაშაულა.
„ისინი გვაშანტაჟებენ. ცდილობენ ჩვენს ეკონომიკურად და ფინანსურად დახრჩობას. ამიტომ, ფინანსური ფარი მჭირდება ევროკავშირის გამო და ბრიუსელის წინააღმდეგ“, – განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ ევროკავშირი სამშვიდობო პროექტიდან „ომის პროექტად“ იქცა.
უკრაინაში ომის საკითხზე საუბრისას, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მშვიდობის დამყარება ახლოს არის, თუმცა ის ერთიან ტრანსატლანტიკურ პოზიციაზეა დამოკიდებული.
„ამერიკის პრეზიდენტი მშვიდობის მომხრეა. ევროპელები – არა. ის, რასაც ისინი ამბობენ, ძირითადად იმას ნიშნავს, რომ მათ ომის გაგრძელება სურთ“, – განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაინტერესებულია მშვიდობით.
ორბანის მტკიცებით, უნგრეთი ევროკავშირში დარჩება დაძაბულობის მიუხედავად.
„არაფერს ვბლოკავ ევროკავშირთან. უბრალოდ მინდა გარკვეული საკითხების გარკვევა. პირველ რიგში, სად არის ჩვენი ფული?“ – განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ უნგრეთისთვის ევროპულ საბჭოში ხმის მიცემის უფლების შეჩერება შეუძლებელია.




