მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, თანამშრომლებს, წერეთელზე საგზაო სამუშოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული – კახა კალაძე

თბილისის მერიამ 4 ახალ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც წერეთლის გამზირის სამუშაოებს დაასრულებს. აქამდე არსებულ კონტაქტორებს კი ხელშეკრულება შეუჩერდათ.
კახა კალაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ კომპანიები ვადებში ვერ ჩაეტიენ, იყო პრობლემები აქამდე შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებითაც. თუმცა თბილისის მერის განცხადებით, პროლემების მიუხედავად, წერეთლის გამზირზე სარეაბუილიტაციო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება და საავტომობილო მოძრაობაც აღდგება.
“დავიწყეთ მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ეს გამზირი არსებობს, ამ მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა. თუმცა ამ სამუშაოების პროცესში იყო პრობლემები, ეს არახალია, რადგან კომპანიები ძალიან ხშირად ვერ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. ამჯერადაც გვქონდა ასეთი ფაქტი და მოგვიწია, დავმშვიდობებოდით იმ ორ კომპანიას, რომლებიც მუშაობდნენ.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული. ეს კომპანიები ვერ ეტეოდნენ ვადებში, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოგვმართეს ამ კომპანიებმა ვადის გადაწევაზე, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, თუმცა აქ არ არის საუბარი საბოლოო ვადის გადაწევაზე, იანვარი ძალაში იყო ყოველთვის, შიდა ვადებზეა საუბარი. უკვე ვხედავდით, რომ არის პრობლემები ვადებზე, ხარისხზეც იყო პრობლემები, თუმცა ამის გამოსწორება პროცესში ხდება.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავემშვიდობოთ ამ კომპანიებს, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროექტი დასრულდეს იანვარში და მოძრაობა აღდგეს. ახლა მიმდინარეობს კომპანიების შერჩევა.
მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთელზე საგზაო სამუშოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული. ეს პირობა აუცილებლად შესრულდება”, – განაცხადა კალაძემ.