„ქართული ოცნება” ყველაზე დაუნდობლად და ცინიკურად პენსიონერებს ეპყრობა. მათი 13 წლიანი მმართველობის პერიოდში პენსია მხოლოდ 68 ლარით გაიზარდა ინფლაციის გათვალისწინებით“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე წერს.
როგორც მანვე აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ინფლაციის გათვალისწინებით პენსია საშუალოდ მხოლოდ 5.7 ლარით იზრდებოდა.
„არ უნდა დავიღალოთ იმაზე საუბრით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს, რომ “ქართული ოცნება” ყველაზე დაუნდობლად და ცინიკურად პენსიონერებს ეპყრობა. მათი 13 წლიანი მმართველობის პერიოდში პენსია მხოლოდ 68 ლარით გაიზარდა ინფლაციის გათვალისწინებით. ეს წარმოუდგენელი რამ არის.
პენსიის რეალური ღირებულება დღეს არის 193 ლარი 2012 წლის ფასებით.
საბაზო პენსია 2012 წელს იყო 125 ლარი, 2025 წელს კი 350 ლარია. 13 წლის განმავლობაში პენსია რეალურად (ფასების ზრდის გათვალისწინებით) გაიზარდა მხოლოდ 68 ლარით.
დღევანდელი მსყიდველობითუნარიანობით 350 ლარით ვყიდულობთ იმდენს, რამდენის ყიდვაც შეგვეძლო 2012 წელს 193 ლარით.
ეს რიცხვები გამოყვანილია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე. სინამდვილეში მდგომარეობა კიდევ უფრო უარესია, რადგან საქსტატი იტყუება და ამცირებს ფასების ზრდის რეალურ მაჩვენებელს.
ოფიციალური სტატისტიკითაც კი – „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საბაზო პენსია რეალურ გამოხატულებაში ანუ ინფლაციის გათვალისწინებით საშუალოდ წლიურად იზრდებოდა მხოლოდ 5,7 ლარით. ეს ერთი კოლოფი სიგარეტის ღირებულების ტოლფასია“, – წერს რომან გოცირიძე.




