კვირების განმავლობაში მიმდინარე დავის შემდეგ, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ალიანსი (ქდკ/ქსკ) და „სოციალ დემოკრატიული პარტია (სდპ) სამხედრო სამსახურის ახალ მოდელზე შეთანხმდნენ. მოიძებნა კომპრომისი, რომელიც მმართველ კოალიციაში შემავალი ორივე მხარისთვის მისაღებია. თუმცა, პასუხგაუცემელი კითხვები ჯერ კიდევ არსებობს.
ხუთშაბათს დილით, ბორის პისტორიუსი მშვიდად გამოიყურებოდა. მომღიმარმა თავდაცვის მინისტრმა, თავის ამალასთან ერთად, ბუნდესტაგის საპარლამენტო დარბაზი სწრაფად გადაკვეთა, კიდევ ერთი მეგობრული „დილა მშვიდობისა“ უსურვა ჟურნალისტებს, შემდეგ კი სდპ-ის წარმომადგენელი პოლიტიკოსი ყველას თვალთახედვიდან გაქრა. მისი საპარლამენტო ფრაქციის, აგრეთვე ქდკ-სა და ქსკ-ის დეპუტატები სპეციალურ სხდომებზე შეიკრიბნენ. მათ ბევრი რამ ჰქონდათ განსახილველი მას შემდეგ, რაც კოალიციამ სამხედრო სამსახურის შესახებ კანონზე გარღვევას მიაღწია.
ცოტა ხნის შემდეგ, პისტორიუსი, სამთავრობო ფრაქციების ლიდერებთან ერთად, კამერების წინ ისევ გამოჩნდა. „ეს კვირა განსაკუთრებულია“, – აღნიშნა მინისტრმა. „ოთხშაბათს ბუნდესვერის 70 წლის იუბილე საზეიმო ფიცის დადებით აღინიშნა, ახლა კი საკვანძო საკანონმდებლო პროექტზე მოხერხდა შეთანხმება. ევროპა გერმანიას თვალს ადევნებს,“ – დასძინა მან.
ბუნდესვერის დაბადების დღესთან დროში კავშირზე ქდკ/ქსკ-ის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი, იენს შპანიც ამახვილებს ყურადღებას. „ამას სიმბოლური ძალა აქვს,“ – მიიჩნევს ქდკ-ის წევრი პოლიტიკოსი. შეთანხმების არსს შპანი შემდეგნაირად აღწერს: „ჩვენ მეტი ვალდებულებები დაგვეკისრება ნებაყოფლობით სამსახურში“. მსგავსი მოსაზრება გამოთქვა ბუნდესტაგში ქსკ-ის დეპუტაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ჰოფმანმაც. მისი თქმით, აქცენტი „ნებაყოფლობითობისა და ვალდებულების სწორ ნაზავზე“ კეთდება.
თუმცა, ქდკ/ქსკ-ის ორივე წარმომადგენელი, ალბათ უნებლიეთ, ყურადღებას ამ კომპრომისისთვის დამახასიათებელ დაძაბულობაზე ამახვილებს. რომელი პრინციპი განსაზღვრავს სამხედრო სამსახურს: არჩევანის თავისუფლება თუ ვალდებულება?
ქდკ/ქსკ-ის ალიანსი და სდპ შეთანხმდნენ, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან ყველა ახალგაზრდა მამაკაცს და ქალს ციფრული კითხვარი გაეგზავნება. ეს მათი მე-18 დაბადების დღის პერიოდში მოხდება. კაცებმა კითხვებს აუცილებლად უნდა უპასუხონ, ქალებს კი შეუძლიათ უპასუხონ და ამით ცხადყონ, აქვთ თუ არა შეიარაღებულ ძალებში სამსახურის გავლის სურვილი, აგრეთვე მიიჩნევენ თუ არა თავს ამისთვის საკმარისად მომზადებულად.
თავად სამხედრო სამსახური, ამ დროისთვის, ნებაყოფლობითი რჩება. ეს არის პუნქტი, რომელსაც პისტორიუსი, სდპ-ის საპარლამენტო ფრაქციაში არსებული განწყობის გათვალისწინებით, მუდმივად უსვამს ხაზს. ახალი ის არის, რომ მინისტრმა ყოველ ექვს თვეში ერთხელ ანგარიში უნდა წარადგინოს. მან უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, თუ რამდენი ახალგაზრდა მიდის სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით. ამით პისტორიუსი ქდკ-სა და ქსკ-ის მოთხოვნას ასრულებს.
თუ ამ გზით რეკრუტირებული ახალწვეულების რაოდენობა საკმარისი არ იქნება, „სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოთხოვნა“ ამოქმედდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი იყო ქდკ/ქსკ-სთვის. ამ სცენარით დაგეგმილია, რომ ახალგაზრდა მამაკაცებს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო წესით გაიწვევენ – იმდენს და იმდენი ხნით, რამდენიც საჭირო იქნება გაწვევის მიზნების შესასრულებლად. საშუალოვადიან პერსპექტივაში, პისტორიუსს ახალი მოდელით წელიწადში დაახლოებით 20 000-დან 30 000-მდე წვევამდელის მოზიდვა სურს. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასააქტიურებლად, ბუნდესტაგის თანხმობა იქნება საჭირო.
ამასთან, შემოდის კიდევ ერთი სავალდებულო ელემენტი: 2027 წლის შუა პერიოდიდან, სამედიცინო შემოწმების გავლა ყველა ახალგაზრდა მამაკაცისთვის სავალდებულო გახდება. ეს პროცესი, ეტაპობრივად, მომავალი წლიდან დაიწყება. ამ გზით, თავდაცვის სამინისტროს სურს, ჰქონდეს მკაფიო სურათი, თუ ვისი გაწვევა შეიძლება საგანგებო ვითარების დროს. ამ ყველაფერთან ერთად, ძალაში რჩება რწმენის თავისუფლების გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლება.
ნებაყოფლობითობისა და ვალდებულების ნაზავი, შესაძლოა, პარტიულ და კოალიციურ მშვიდობას უწყობს ხელს, მაგრამ, რეალურად, რთულ მოდელს წარმოადგენს. პისტორიუსი, როგორც ჩანს, გრძნობს, რომ ამან ახალგაზრდა თაობის ნაწილი შეიძლება კიდევ უფრო დააბნიოს. სიფრთხილის მიზნით, ის აცხადებს: „არავის უნდა შეეშინდეს“. ნებაყოფლობითობის პრინციპი, თავდაპირველად, ფინანსური სარგებლის მომტანიც იქნება: ახალწვეულები 2600 ევროს მიიღებენ და მართვის მოწმობის აღება დაუფინასდებათ.
არის კიდევ ერთი გზაა, რომლითაც მინისტრს სურს, სამხედრო სამსახური ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი გახადოს. ამ გზის საკვანძო სიტყვებია „ეროვნული თავდაცვა“. თუმცა, ჯერ კიდევ გასარკვევია, როგორ გამოხმაურებას გამოიწვევს სამთავრობო კოალიციის მიერ შეთავაზებული სიახლე ახალგაზრდებში.
კვირის დასაწყისში ერთ-ერთმა გამოსვლამ ბერლინში ბევრი დააფიქრა. ბუნდესტაგში სამხედრო სამსახურის ახალი კანონის შესახებ მოსმენა გაიმართა. მას ერთ-ერთი ექსპერტი, კვენტინ გერტნერიც ესწრებოდა, რომელიც სტუდენტთა ფედერალური კონფერენციის წარმოამდგენელია. მისი გადმოსახედიდან, საკითხის განხილვაში ახალგაზრდები ამ დრომდე არ ჩართულან, მიუხედავად იმისა, რომ საქმე მათ „ცხოვრებისეულ პერსპექტივებს“ ეხება. გერმანიის მთავრობას, როგორც ჩანს, თავისი გადაწყვეტილების სისწორეში ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ არ დაურწმუნებია.




