შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც, უწყების ცნობით, ზრდის პოლიციელთა სოციალურ გარანტიებს. კანონპროექტი პარლამენტის უკვე წარუდგინეს.
კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს პოლიციის შესახებ კანონში.
· ორმაგდება კომპენსაცია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში – ნაცვლად 15 000 ლარისა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად 30 000 ლარი გადაეცემა;
· დაკრძალვის ხარჯები ნაცვლად არსებული 5 00 ლარისა, განისაზღვრება 2 000 ლარის ოდენობით;
· პოლიციელს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში ნაცვლად 7 000 ლარისა, გადაეცემა 20 000 ლარი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას 15 000 ლარი, ნაცვლად 4 000 ლარისა და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში – 10 000 ლარი, ნაცვლად 2 000 ლარისა;
გარდა ამისა, შსს-ის ინფორმაციით, პოლიციის შესახებ კანონს დაემატება შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც აქამდე არ არსებობდა. მაგალითად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება 1 წლის ვადით, რომლის დროსაც მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან, საჭიროებისამებრ, ტრანსპორტირებასთან, მოვლის უზრუნველყოფასთან და სხვა საჭიროებებთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება. აგრეთვე ანაზღაურდება მოსამსახურის ფულადი სარგო და დანამატები. გარდა ამისა, 1 წლიანი ვადის გაგრძელება სამინისტროში შექმნილი შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე დასაშვები იქნება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და ვადით.
ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულება შეიძლება მიეცეს არამხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაზიანებულ პირებს, არამედ სხვადასხვა ავადმყოფობის შემთხვევაშიც. ამ შემთხვევაში შვებულება მიეცემა 4 თვით, რომელიც სამედიცინო დასკვნის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებები შეეხება არა მხოლოდ პოლიციელებს, არამედ მათ ოჯახის წევრებსაც. ასევე, შრომისუუნარობის გამო სამინისტროდან/სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულ/დათხოვნილ მოხელეებსაც.
უწყების ცნობით, ცვლილებები გავრცელდება არა მხოლოდ პოლიციელებზე, არამედ მეხანძრე-მაშველებზეც.




