“დაგვახვედრეს დაკეტილი კარები, პოლიცია გამოიძახეს” – ბალდელები გარემოს დაცვის სამინისტროსთან მივიდნენ

მოძრაობა “ბალდის კანიონის შენარჩუნებისთვის” წევრები გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ. ბალდელები ამ მოთხოვნით სამინისტროსთან მივიდნენ, თუმცა, როგორც ამბობენ ისინი შენობაშიც კი არ შეუშვეს. უფრო მეტიც, სამინისტროს წარმომადგენლებმა პოლიცია გამოიძახეს.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ბალდელებმა აუხსნეს, რომ აქვთ კონკრეტული კითხვები ბალდის კანიონის მშენებლობასთან დაკავშირებით, რაზე პასუხების მისაღებადაც მათ წერილობით ითხოვეს შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან ჯერ კიდევ ორი კვირის წინ. თუმცა, რადგან უწყებიდან არავინ გამოხმაურებიათ, პასუხის მისაღებად ადგილზე მივიდნენ.
“კომპანიას [კანიონი 350-ს] ბალდის კანიონის იჯარის ხელშეკრულების ვადა ეწურება. მან ვერ ჩააბარა პროექტი 3 წლის ვადაში და გვინდა გვითხრან, აგრძელებენ თუ არ აგრძელებენ. ამაზე პასუხს არ გვცემს არავინ […] ჩვენ არც აყალმაყალით მოვსულვართ, არც ჩხუბით მოვსულვარ. კანონიერად, როგორც კეთილსინდისიერ მოქალაქეს ეკადრება ისე, გამოვაგზავნეთ ჯერ წერილი, შემდეგ სოფელ ბალდიდან ჩამოვედით, რადგან წერილზე პასუხი არ მიგვიღია. მეტი რა გავაკეთოთ?! არაადამიანებად უნდათ, რომ გვაგრძნობინონ თავი. თითქოს არ ვარსებობთ. კარებიც კი დაკეტეს. კანონით გვეკუთვნის ჩვენ და ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, მშვიდობიანად შევიდეს შიგნით თუ საქმე აქვს, ხომ?! ჩვენც საქმე გვქონდა და გვინდოდა მშვიდობიანად შესულიყავით შიგნით და უბრალოდ მეკითხა – შეგვხვდებიან თუ არ შეგვხვდებიან, მაგრამ დაგვახვედრეს კარები დაკეტილი, შიგნით დაცვის თანამშრომლებით არის სავსე, გარედან პოლიცია გამოიძახეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვესაუბრეთ პოლიციას და იმათაც ნახეს, რომ არანაირ საფრთხეს არ წარმოვადგენთ და არა ვართ აგრესიული ადამიანები, მაინც არ აღებენ კატებს და არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ გავიგოთ უბრალოდ, სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, რატომ გვეუბნებიან უარს საჯარო შეხვედრაზე”, – განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ცოტნე თვარაძემ.
პოლიციამ მათ აუხსნა, რომ მოქალაქეებისთვის სამინისტროს კარის, შესაძლოა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ჩაეკეტათ, რადგან ისინი უწყებასთან ბევრი მივიდნენ და ამას “აქციის ფორმა აქვს”. ცოტნე თვარაძემ მათ უპასუხა, რომ პასუხის მისაღებად შენობაში მხოლოდ თავად აპირებდა შესვლას და “აქციის ფორმა” პროცესმა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც სამინისტროს კარი ჩაუკეტეს.
ბალდელები თბილისში 11 ნოემბერს ჩამოვიდნენ და სამი დღის განმავლობაში ცდილობდნენ შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალ ხელმძღვანელთან ბესიკ ამირანაშვილთან. თუმცა, მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ.
ბესიკ ამირანაშვილის მოადგილის, გიორგი მიქელაძის განცხადებით (რომელიც მოძრაობის წევრებს სააგენტოს შემოსასვლელში გაესაუბრა), ისინი ყოველთვის მზად არიან შეხვედრისთვის, თუმცა არა კამერების თანხლებით. მიქელაძე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, რომ გამოყონ რამდენიმე ადამიანი, რომელიც შეხვედრას დაესწრება, ბესიკ ამირანაშვილის მოადგილე შეხვედრის ჩაწერასა და ტრანსლაციაზე უარს აცხადებს. ბალდელები კი მოითხოვენ, რომ შეხვედრა იყოს საჯარო და მიეცეთ ვიდეოს გადაღების და პირდაპირ ეთერში გაშვების შესაძლებლობა.
ამირანაშვილთან შეხვედრის 3-დღიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ ბალდელებმა სააგენტოდან სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, უწყების კარი მათ ჩაკეტილი დახვდათ.
პროტესტი “ბალდის კანიონისთვის შენარჩუნებისთვის” უკვე 750 დღეზე მეტია გრძელდება. ბალდელები აპროტესტებენ იმას, რომ კანიონის ტერიტორია ადგილობრივებისგან მალულად გადაეცა შპს “კანიონი 350-ს”. კომპანიას აუქციონის წესით, 40 წლის ვადით გადაეცა კანიონის ტერიტორიაზე 24 130 კვადრატული მეტრი. კომპანიას 3- წლიანი ვადა ჰქონდა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ვალდებული იყო, პროექტში 2.8 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო.
კანიონს ბუნების ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაექვემდებარა.