უკრაინაზე გასული ღამის განმავლობაში განხორციელებული კომბინირებული შეტევისთვის რუსეთის ჯარებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 19 რაკეტა და 430 უპილოტო საფრენი აპარატი. ამის შესახებ 14 ნოემბერს, დილით განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ.
საჰაერო ძალების ცნობით, მოწინააღმდეგემ უკრაინას დაარტყა არა მხოლოდ საჰაერო და სახმელეთო ბაზირების რაკეტებით, არამედ ერთი გემსაწინააღმდეგო რაკეტა „ცირკონითაც“. სარდლობის ინფორმაციით, გამოყენებული იყო 3 აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალიც“, 6 ფრთოსანი რაკეტა „ისკანდერ-კ“ და 9 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, შეტევის ძირითადი სამიზნე იყო დედაქალაქი კიევი. დაზარალდნენ კიევის, ხარკოვის, ოდესის, პოლტავის და ჩერკასის ოლქებიც. სარდლობის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 405 დრონი და 2 აერობალისტიკური, 6 ბალისტიკური და 6 ფრთოსანი რაკეტა. სარდლობა ადასტურებს რუსული დრონებითა და რაკეტებით პირდაპირ დარტყმას 13 ადგილზე და მოგერიებულების ნამსხვრევების ჩამოცვენას 44-ზე.
რუსული დრონებითა და რაკეტებით მასირებული შეტევის შედეგად კიევში დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი და 29 დაშავდა. 6 ადამიანი დაიჭრა კიევის ოლქში. დაზიანებული, ან ნაწილობრივ დანგრეულია ათეულობით სახლი და სხვა შენობები, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებები.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა ქალაქ ჩერნომორსკში, სადაც დრონებით დარტყმა იყო ქალაქის ბაზარზე.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ჯარებმა კვლავ დაარტყეს ქვეყნის ენეროობიექტებსაც. კიევის, ოდესის და დონეცკის ოლქების დიდ ნაწილს ელექტროენერგია საერთოდ არ მიეწოდება. სხვა რეგიონებში ისევ ენერგომომარაგების გრაფიკი მოქმედებს.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მორიგი მასირებული შეტევა საგანგებოდ იყო გათვლილი ისე, რომ რაც შეიძლება დიდი ზიანი მიეყენებინა ხალხისთვის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის. ზელენსკიმ ევროპას და აშშ-ს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემებით დაეხმარონ.




