სკოლებისა და ბაღების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებში 173 დარღვევა გამოვლინდა – სეს

ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და მათი უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს ამოწმებს.
სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება როგორც საცხობებში, ასევე მიმდებარე მარკეტებში, რომელთა მომხმარებლები ხშირად მოსწავლეები არიან. სააგენტოს ინსპექტორები ამოწმებენ ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის განთავსებისა და რეალიზაციის პირობებს, ვადებსა და სურსათის უვნებლობის სხვა მოთხოვნებს.
„უწყვეტ რეჟიმში მოწმდება სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვების ბლოკები. მიმდინარე წელს ჩატარებულია 6000 სახელმწიფო კონტროლი, გამოვლინდა 173 სამართალდარღვევა, რომელთა შორის ჭარბობს ვადაგასული სურსათის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესის დარღვევისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, საეჭვო სურსათის ან დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ინფორმაცია მიაწოდოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 15 01.