მაიას ცივილიზაციის შუა საუკუნეების ტექსტები მზის დაბნელების წინასწარმეტყველების შესახებ, დასავლელ მკითხველებს საუკუნეების განმავლობაში აბნევდა, მაგრამ მეცნიერებმა სავარაუდოდ საბოლოოდ ამოხსნეს, როგორ ხდებოდა ეს სინამდვილეში.
მექსიკისა და გვატემალის ადგილობრივი ცივილიზაციები კალენდარს ევროპელთა გამოჩენამდე თითქმის ორი ათასი წლით ადრეც იყენებდნენ, რითაც გასაოცარი სიზუსტით ადგენდნენ მნიშვნელოვან მოვლენათა დღეებს.
სამწუხაროდ, ამ ცოდნისა და ტექსტების უმეტესი ნაწილი ესპანურმა ინკვიზიციამ გაანადგურა; დარჩა მხოლოდ მცირე ნაწილი, საიდანაც შესაძლებელია ციური მოვლენების პროგნოზირების ამ მოწინავე მეთოდების რეკონსტრუქცია.
მე-11 – მე 12-ე საუკუნეებით დათარიღებული „დრეზდენის კოდექსი“ ევროპულ კოლონიზაციას გადარჩენილი მაიას სულ ოთხი კოდექსიდან ერთ-ერთია.
კოდექსი აკორდეონის ტიპის ქაღალდებისგან შედგება და 78-გვერდიანია. თითოეული გვერდი ხელნაწერია და კაშკაშა ფერებითაა ილუსტრირებული, აღწერს ასტრონომიას, ასტროლოგიას, სეზონებსა და სამედიცინო ცოდნას.
მზის დაბნელების პროგნოზირება მაიას საზოგადოებაში სერიოზული საქმე იყო, რადგან ეს საზოგადოება დაშენებული იყო და ფუნქციონირებდა ციურ მოვლენათა გარშემო.
„თუ გარკვეული ციური მოვლენების დროს მომხდარი მოვლენების შესახებ ჩანაწერებს შეინახავდით, შეგეძლოთ წინასწარ გაფრთხილებულიყავით და სათანადო სიფრთხილის ზომები მიგეღოთ ციკლების განმეორების შემთხვევაში“, — განმარტავს ტეხასის უნივერსიტეტის ისტორიკოსი კიმბერლი ბრეუერი.
მაგალითად, როცა მზე მთვარეს ეფერებოდა, ცა ბნელდებოდა და მაიას ხალხის დიდგვაროვნები სისხლის გამოშვების ცერემონიებს ატარებდნენ, რათა მზის ღმერთისთვის ძალა შეეთავაზებინათ.
„ქურუმებსა და მმართველებს უნდა სცოდნოდათ, როგორ ემოქმედათ, რომელი რიტუალი და მსხვერპლშეწირვა ჩაეტარებინათ ღმერთებისთვის, რათა უზრუნველყოფილიყო განადგურების, ხელახლა დაბადებისა და განახლების ციკლების გაგრძელება“, — განმარტავს ბრეუერი.
დრეზდენის კოდექსში მოცემული ერთი ცხრილი, რომელსაც „დღეების აღმრიცხველს“ უწოდებენ, მაიას კალენდრის სპეციალისტებს მზის დაბნელებების 700 წლის განმავლობაში პროგნონოზირების საშუალებას აძლევდა. ეს ცხრილი მოიცავს 405 მთვარის თვეს (11 960 დღე), მაგრამ მეცნიერებმა ამ დრომდე არ იცოდნენ, როგორ მუშაობდა ის რეალობაში.
ვრცლად პირველ არხზე




