გახარიას 20 ივნისის საქმეზეც პატიმრობა შეეფარდა აღკვეთ ღონისძიებად – ის ბერლინში იმყოფება

20 ივნისის საქმეზე ყოფილ პრემიერსა და გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
მანამდე, გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზეც.
გახარიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ მთავარ პროკურატურაში განცხადება 12 ნოემბერს გაკეთდა.
თავად გიორგი გახარია, რომელიც ბერლინში იმყოფება და უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოსვლას არ გეგმავს, თავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს და თვლის, რომ ეს საქმეები ს წინასაარჩევნო მუქარის ასრულებაა.
ყოფილ პრემიერს ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით.
· „გავრილოვის ღამის“ ეპიზოდზე – 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით – ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება;
· ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საქმეზე – 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.
წაყენებული ბრალით, მას 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
· პროკურატურის განმარტებით, იძიებენ 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას „ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების ორგანიზებისა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს“.
· ასევე, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ედავებიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შემდეგ „დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივის“ საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ გადასვლას.
გახარიას მსგავსად, მისი თანაგუნდელებიც პერსონალურ შურისძიებად მიიჩნევენ მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს.