„რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის ზრდა კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული“

„რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის ზრდა კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული“, – ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ “ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, ეს გამოწვეულია პროფიციტული ბაზრით, კერძოდ, როდესაც დილერი რეექსპორტზე ვერ ყიდის ავტომობილს, იძულებულია, ქართული ნომრები აიღოს და ავტომობილი თავად დაიტოვოს, ან შეეცადოს განბაჟებულ მდგომარეობაში გაყიდოს.
„ოფიციალური მონაცემებით, პირველადი რეგისტრაციით, საშუალოდ, 80-90 ათასი ავტომობილია [გასაყიდი].
ადგილობრივ ბაზარზე პირველადი რეგისტრაციის მაჩვენებლები კი გაიზარდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხს შემოსავალი გაუორმაგდა. ეს გამოწვეული იყო პროფიციტული ბაზრით, წარმოიდგინეთ, თუ დილერმა ავტომობილი ვერ გაყიდა კანონით გათვალისწინებულ ვადაში, მერე უკვე ირთვება განბაჟების სხვა მრიცხველი, შესაბამისად, უწევთ განბაჟება. ანუ, იძულებული ხდება დაიტოვოს ეს მაქანა ოჯახში, ან ისევ უნდა გაყიდვა, მაგრამ ამჯერად უკვე განბაჟებულის.
ამით იმის თქმა მინდა, რომ რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის ზრდა კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული. უბრალოდ ბევრმა დილერმა მანქანა ვერ გაყიდა ექსპორტზე და იძულებული გახდა, განებაჟებინა, შესაბამისად, ქართული ნომრები აეღო“,- ამბობს ალექსი ნონიაძე.
ცნობისთვის, მომსახურების სააგენტოს რეალურ დროში მონაცემების მიხედვით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 1.985 მლნ ავტომობილზე მეტია რეგისტრირებული.
„ბიზნესპრენსიუსი“ აღნიშნულ სტატისტიკას იყენებს იმისთვის, რომ თვალსაჩინო იყოს, თვეში რეგისტრირებული ავტომობილების საშუალო მაჩვენებელი. ოფიციალურ მონაცემებზე დაკვირვების შედეგად, ჩანს, რომ თვეში საშუალოდ 16 800 მანქანა გადის რეგისტრაციას.
შენიშვნა: ავტომობილების გარკვეული ნაწილი, შესაძლოა, შემდგომ რეექსპორტზე გავიდეს. თუმცა, საქართველოში რეგისტრირება ნიშნავს, რომ შიდა სატრანზიტო ნომრის გამოყენების 2-თვიანი ვადა უკვე გასულია, შესაბამისად, ავტომობილი ქვეყანაში საშუალოდ 2 თვე იმყოფება.