საქართველოში კერძო სექტორში დასაქმებული ქალები მამაკაცებზე 728 ლარით ნაკლებ ხელფასს იღებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ პუბლიკაციაში „ქალი და კაცი საქართველოში 2025“ აქვეყნებს.
პუბლიკაციის მიხედვით, საქართველოში ქალები ნაკლებად არიან დასაქმებულები და მათი ხელფასიც დაბალია თითქმის ყველა ეკონომიკურ სექტორში. კერძოდ, ბიზნეს სექტორში მომუშავე ქალთა და კაცთა რიცხვი, შესაბამისად, 374 ათასი და 492 ათასი იყო, ხოლო ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასის 68 პროცენტს შეადგენდა.
„უახლესი მონაცემებით, ბიზნესის დამფუძნებელი კაცების რიცხოვნობა თითქმის ორჯერ აღემატება ამავე კატეგორიის ქალების რიცხოვნობას. თუ განვიხილავთ ეკონომიკური სექტორების მიხედვით, ბიზნესის მფლობელი ქალების შედარებით მცირე რაოდენობა გვხვდება სამთომოპოვებით მრეწველობაში, მშენებლობაში, ტრანსპორტის და დასაწყობების სფეროში და სოფლის მეურნეობაში. მეორე მხრივ, მფლობელი ქალების რიცხოვნობა გაცილებით მეტია კაცი მფლობელების რიცხოვნობაზე საქმიანობის ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ჯანმრთელობა და სოციალური მომსახურება და სხვა სახის მომსახურებები“, – წერია „საქსტატის“ პუბლიკაციაში.




